Quantcast
Channel: Tabula - ცხოვრება+სტილი
Viewing all 128 articles
Browse latest View live

მეშინია, ხვალინდელი ახალი დღის მეშინია

$
0
0
Georgian

 

***

ახლა 2016 წლის 1-ლი იანვარია, ერთი ჩვეულებრივი დილა, ბევრი თოვლით და ღიმილით. ახალი წლის პირველი დღის არსი არასოდეს მესმოდა და ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ. საცივზე და გოზინაყზე შეყვარებული ხალხის სახეს რომ ვუყურებ, ყოველთვის ისე მეღიმება, ყველა კბილი მიჩანს.

და რა აზრი აქვს ამ ერთი დღის ქონას თუ მეორე დილას, ისევე ყველაფერი ძველებურად იქნება. უფრო სწორად, ცუდად. ისე ალბათ ცხოვრებაში ყველაფერი ფარდობითობის ცნებას ემყარება და ბოლოსდაბოლოს შენც მიხვდები, რომ შემდეგ დღეს, მაცივარი უკვე ცარიელია, ისევე როგორც შენი ჯიბეები და შესაძლოა თავიც.

31-ში სმა ტრადიციულ სახეს იღებს, სადაც გიღამდება, იქვე გითენდება და მერე გამოძინებული, მინერალური წყლით ხელში  აღმოაჩენ, რომ თურმე უკვე ორი იანვარია, ბედობა და რომ გინდა არ გინდა, რაღაც უნდა დაიბედო: კარგი ან ცუდი. სხვა ვარიანტი, ძალიანაც რომ გინდოდეს არ გაქვს, "არადანი"გერგო წილად.

ეს ყველაფერი იქით იყოს და მე თითქმის არასოდეს მჯერა კარგის. "შორიდან თუ შეხედავ, დაინახავ უფერულ წერტილებს, რომლებიც ქაოტურად მოძრაობენ და არაფერს განიცდიან; იმიტომ,რომ შენ შორსა ხარ და მათი კივილის ხმა შენამდე ვერ აღწევს.

სწორედ ამიტომ, პირადად მე, მაღვიძარას არ ვაყენებ. არასოდეს ვიცი, ჩემთვის ახალი დილა დაიწყება თუ არა.

 

***

"შეგიყვარდა ეს ოხერი ცხოვრება"- მკითხეს ირონიულად. - "ჰოდა დარჩი."

მეც ჩამქოლეს.

ჩამქოლეს და წავიდნენ. ასე ირბენენ კიდევ კაი ხანს, მერე ვიღაც გამოჩნდება, ვიღაც მიხვდება ყოველივეს, მასაც ჩაქოლავენ სიმართლის თქმისთვის და ასე... დაუსრულებლად.

იცით რაა მათი ტრაგედია? ის კი არა, რომ ამდენს დარბიან, არამედ ის, რომ ეს რბოლა უაზრო და უმიზნოა.

მთავარია ვიღაც ხედავს ამ წუმპის სილამაზეს. 

ვიღაც ხედავს.

ვიღაც.

და მასაც ქოლავენ.

რატომ ხდება, ღმერთო, ასე, რატომ? ვერავინ ხედავს რაოდენ ლამაზია ეს ჭაობი.

რატომ?

***

"ნებისმიერი ღიმილი უსასრულო თვითგადარჩენაა. როცა არაფერი დაგრჩენია გარდა იმისა, რომ გადარჩე და ნებისმიერი თვითგადარჩენა უსასრულო მოძრაობაა საკუთარი თავის გარშემო, როცა ხვდები, რომ ერთ დღეს ყველაფერი დაიმსხვრევა: ცა, გაურეცხავი ჭურჭელი, გეომეტრიული ფიგურები და მიზიდულობის თეორია...

ნებისმიერი სიზმარი უსასრულო თვითგადარჩენაა, როცა ხვდები, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: შენ მოკვდე ან არ მოკვდე, ან ღმერთს ღრუბელზე მოუცურდეს ფეხი და შენ წინ ჩამოვარდნილმა უხერხული ღიმილით გკითხოს: -ხვდები?! ხვდები?! ხვდები?!

და შენ უპასუხო: -ვხვდები... ვხვდები... ვხვდები."

იცი რა განსხვავებაა "მომენატრეს"და "მენატრების"შორის?

სახე ეცვლება. თვალები უწყნარდება და იღიმის. მგონი რაღაც აზრი მოუვიდა, ზუსტად არ ვიცი. კიდევ ცოტა ხანს მიყურებს ასე. შემდეგ კი ოთახიდან გადის. რაღაც საშინელს განვიცდი ამ ახალ წელს, წინასწარ ვგრძნობ და შიშები ბრუნდებიან.

კი მაგრამ, სად ხარ, სად?!

მეშინია,

მეშინია,

ხვალინდელი ახალი დღის მეშინია.

 

SocietyWorldLifestyle

სად იწყება მითი და სად მთავრდება რეალობა?!

$
0
0
Georgian

 დღეს აღარავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს მსოფლიოს მოსახლეობის მზარდი ტემპების ტენდენცია. უფრო მეტიც, სასკოლო პროგრამებში შეტანილია მსოფლიო დემოგრაფიის საკითხები და თანამედროვე ახალგაზრდობისთვის ცნობილია, რომ დედამიწაზე თაობათა მუდმივი ცვლა და განახლება, ანუ მოსახლეობის აღწარმოება მიმდინარეობს, რომ ბუნებრივი მატება გვიჩვენებს, თუ რა მიმართებაა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში და რომ განსაკუთრებით მკვეთრი და სწრაფი მატების პროცესი დაიწყო XX ს-ის მეორე ნახევრიდან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში, რასაც „დემოგრაფიული აფეთქება"ეწოდა. 1950-1960-იანი წლების დემოგრაფიული აფეთქება ძირითადად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ხარჯზე მოხდა, რომელიც განპირობებული იყო განვითარებად ქვეყნებში შობადობის მაღალი დონის შენარჩუნების პირობებში სიკვდილიანობის შემცირებით 23-24 პრომილედან 9-10 პრომილემდე (ვიკიპედია). 

 მაგრამ, არსებობს მითი, რომ ეს გაფართოებული აღწარმოება საფრთხეს უქმნის  ჩვენი, ანუ კაცობრიობის ხვალინდელ დღეს. კერძოდ, არსებობს მოსაზრებები, რომ ის ნეგატიურად აისახება ეკოლოგიურ თუ სასურსათო უსაფრთხოებაზე, გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, და ა.შ. ამასთან დაკავშირებით ხშირია შეშფოთებული საუბრები არასაკმარის სასურსათო მარაგებზე და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, უფრო მეტიც, მოსახლეობის ხელოვნურად შემცირების მიზნით პროვოცირებულ უკურნებელ სნეულებებზე და წამლებზე, რომლებიც არ კურნავს, ინსპირირებულ შეიარაღებულ კონფლიქტებზე, განზრახ წახალისებულ ნარკომანიასა და ჰომოსექსუალიზმზე, გენურ ინჟინერიასა თუ სხვა ათას ისტერიულ თემებზე, რომლებიც ხშირად ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოების ფაბულას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე რეალობას, თუმცა მაინც იწვევს შეშფოთებას. ცხადია, რთული გასარკვევია სად იწყება მითი და სად მთავრდება რეალობა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოსაზრებას, რომ ფანტასტიკაშიც, ზუსტად ასევე, ყველაფერი შეუძლებელი შესაძლებელია, ხოლო ის რაც ადამიანის ფანტაზიას შეუძლია წარმოიდგინოს, ყველაფერი შესაძლებელია, მაშინ უპირატესობა ენიჭება სავარაუდოდ შესაძლებელს, რომელიც არ არის აუცილებელი სარწმუნო იყოს, მაგრამ აქვს არსებობის უფლება და გარკვეულ წრეებში კიდევაც იმკვიდრებს ადგილს. გამომდინარე იქედან, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორია სულ უფრო მეტად იძენს ფანტასტიკის ჟანრის ელფერს, არანაკლებ საყურადღებო და მიმზიდველი ჩანს ის რეალობა, რომელიც ფანტასტიკას მოგვაგონებს, მაგრამ სარწმუნო ფაქტებზე დაყრდნობით ძალიან უახლოვდება  ობიექტურად არსებულ რეალობას, მთელი თავისი კაზუსებით, მიუხედავად იმისა რომ უპირისპირდება ჩვენს სუბიექტურ რეალობას, ანუ ცნობიერებას. როგორც ცნობილია, პლატონის და უკიდურესი რეალიზმის თანახმად ზოგადი იდეები ცალკეულ საგნებამდე არსებობს და მათ ორგანიზებას ახდენს. თუკი არსებობს იდეა, მაშასადამე უნდა არსებობდეს მისი შესაბამისი ობიექტურად არსებული რეალობაც. მაშ განვიხილოთ რაში მდგომარეობს ეს რეალობა?!

 მეცნიერების ვარაუდით სოფლის მეურნეობის გარიჟრაჟზე, ძვ.წ.-ით დაახლოებით 8,000 წელს მსოფლიოს მოსახლეობა 5 მილიონამდე სულს შეადგენდა. არსებობს მოსაზრება, რომ 8,000 წლის შემდეგ, ანუ ჩვ.წ. 1 საუკუნისთვის ის გაიზარდა 200 მილიონით, რაც წელიწადში 0.05% ზრდის ტემპის მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მოსაზრებების მიხედვით ვარაუდები მნიშვნელოვნად მერყეობს, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ბუნდოვანი შეიძლება იყოს ადრეული პერიოდის მოსახლეობის რაოდენობის შეფასებები. ფაქტიურად მეოცე საუკუნემდე არ არსებობდა მსოფლიო მოსახლეობის აღრიცხვის სანდო და უტყუარი მონაცემები, ხოლო გათვლები, ძირითადად, მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობა.

 დიდი ცვლილებები მოჰყვა კაცობრიობის ისტორიაში სამრეწველო რევოლუციას, არა მხოლოდ ზოგადი განვითარების კუთხით, არამედ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის თვალსაზრისითაც. ვარაუდობენ, რომ 1800 წ-მდე მსოფლიოს მოსახლეობა შემოიფარგლებოდა დაახლოებით ერთი მილიარდით.  უფრო ზუსტი მონაცემებით 1804 წ. მსოფლიოში ადამიანთა რაოდენობამ მიაღწია 1 მილიარდს, მეორე მილიარდი მას შეემატა სულ რაღაც 123 წლის განმავლობაში და 1927 წელს მსოფლიო მოსახლეობამ შეადგინა 2 მილიარდი,  კიდევ ერთი მილიარდის ნამატს კი 33 წელი დასჭირდა და 1960 წელს მან მიაღწია სამ მილიარდს. ამის შემდეგ მატების ტემპები გაორკეცდა და მეოთხე მილიარდისთვის 15 წელიც საკმარისი აღმოჩნდა 1974 წლამდე, ხოლო შემდგომი მილიარდი მიღწეულ იქნა 13 წლის განმავლობაში, ასე რომ 1987 წელს კაცობრიობა გამდიდრდა მეხუთე მილიარდის ნამატით.  ამას მოჰყვა ექვსი მილიარდი 1999 წელს და შვიდი მილიარდი 2012 წელს, სულ მე -20 საუკუნის განმავლობაში,  მსოფლიოს მოსახლეობის ზრდამ 1,6 -დან  6 მილიარდამდე პროგრესი აჩვენა. არსებული მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ 1970 წ. მსოფლიოში ცხოვრობდა მისი მოსახლეობის დღეისათვის არსებული რაოდენობის დაახლოებით ნახევარი, დღევანდელი მსოფლიოს პოპულაცია კი დაახლოებით 7,5 მილიარდ ადამიანს ითვლის.

 ასევე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე მსოფლიოში, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ბოლო დროს შეინიშნება მოსახლეობის ზრდის ტემპის კლება, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ახლა 200-ზე მეტი წელი დასჭირდება მოსახლეობის ხელახალ გაორმაგებას.  ამასთან, სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ 2024-2030 წწ.-ში მსოფლიო მიაღწევს მოსახლეობის რვა მილიარდის ნიშნულს. ასევე, არსებული პროგნოზის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობა სავარაუდოდ მიაღწევს დაახლოებით ცხრა მილიარდს 2045-2050 წ.წ.-ში, თუმცა არსებობს ალტერნატიული სცენარები, რომელთა მიხედვით,  დაბალი გათვლებით მან შესაძლოა შეადგენოს 7.4 მილიარდი, ხოლო მაღალი გათვლებით - 10.6 მილიარდი. სავარაუდო მაჩვენებლები განსხვავდება ძირითადი სტატისტიკური პროგნოზირების მეთოდების მიხედვით. უფრო შორეული პროგნოზებით 2150 წლისთვის მოსალოდნელია მოსახლეობის კლება, რომელიც მერყეობს 3.2 მილიარდიდან (ე.წ. დაბალი სცენარით) 24.8 მილიარდამდე (ე.წ. მაღალი სცენარით). ერთ-ერთი სცენარი კი 2150 წლისთვის მასიურ ზრდას წინასწარმეტყველებს 256 მილიარდის რაოდენობით, იმ გაანგარიშებით, თუკი ნაყოფიერების ტემპები შენარჩუნდება 1995 წლის დონეზე.

 „9.5 მილიარდი არის ციფრი, რომელსაც დღეს გაერო მიიჩნევს სავარაუდო პროგნოზად საუკუნის დასაწყისისთვის. ამ შემცირებული დონის მიუხედავად, მზარდი მოსახლეობის ტენდენცია დიდ ტვირთად დააწვება გლობალური გარემოს უსაფრთხოებას (ეკოლოგიის თვალსაზრისით) და სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობას. მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობის ძირითადი საარსებო მოთხოვნების უზრუნველყოფა იქცევა კიდევ უფრო მძაფრ და დიდ გამოწვევად, მაშინ როდესაც ერთ სულ მოსახლეზე მზარდი მოხმარების დონე აშშ-ში და სხვა მდიდარ ქვეყნებში არაპროპორციულად აისახება გლობალური ბუნებრივი რესურსების მოხმარებასა და ბიოსფეროს მთლიანობაზე.“ (Global Population: Milestones, Hopes, and Concerns. Vaclav Smil, Ph.D. 1998 Medicine & Global Survival, Inc.)

 მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ  დემოგრაფიული საკითხები სხვადასხვაგვარად დგას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი, ჩეხეთი, საქართველო და სხვა, ტარდება მასტიმულირებელი დემოგრაფიული პოლიტიკა. ეს ის ქვეყნებია, სადაც აღინიშნება ე.წ. "დემოგრაფიული კრიზისი", ანუ სადაც ადგილი აქვს მოსახლეობის რაოდენობის კლებას მიზეზთა გამო, როგორიც არის დაბალი შობადობა, მაღალი სიკვდილიანობა, მასობრივი მიგრაცია და ა.შ. ხოლო, იმ ქვეყნებში, სადაც შეიმჩნევა ე.წ. "დემოგრაფიული აფეთქება"და მოსახლეობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, მაგალითად, ჩინეთში, ინდოეთში და ა.შ.,  ტარდება შემზღუდველი დემოგრაფიული პოლიტიკა.  შობადობის დონის შემცირებას, გაზრდას, ან სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას ქვეყანაში, შესაბამისად, შეიძლება მოჰყვეს მოსახლეობის გაახალგაზრდავება, ან პირიქით - დაბერება, იმის მიხედვით, თუ რა ასაკის მოსახლეობა ჭარბობს ქვეყანაში დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. შობადობისა და სიკვდილიანობის დონეები დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, მათ შორის მოსახლეობის ასაკობრივი მახასიათებლების გარდა მნიშვნელოვანია: საყოფაცხოვრებო პირობები, სამედიცინო მომსახურების დონე და მისი ხელმისაწვდომობა, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და მათი ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური მდგრადობა და დასაქმება, პირველი მშობიარობის ასაკი, ოჯახის დაგეგმვა და განათლების მაჩვენებლები, თუ სხვა სოციალური ფაქტორები.

 ძირითადად, ქვეყანაში დემოგრაფიულ პოლიტიკას ატარებენ სახელმწიფო ინსტიტუტები, თუმცა არა მხოლოდ ისინი, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. დემოგრაფიული პოლიტიკის მიზანს, როგორც წესი, წარმოადგენს აღწარმოების რეგულაცია. ამ პოლიტიკის სტრატეგიის, ანუ ძირითადი ხაზის განმსაზღვრელი არის სახელმწიფო ინსტიტუტები. საქართველოში ამ პროცესში აქტიური როლი ეკუთვნის საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციას და უშუალოდ პატრიარქს, რომელიც ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურაა. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიხედვით, ქათველების 94% პატრიარქს საზოგადოებაში ყველაზე სანდო პიროვნებად მიიჩნევს, ხოლო ყველაზე სანდო ინსტიტუტად ქვეყანაში მართლმადიდებელი ეკლესიაა აღიარებული.  2007 წლის ოქტომბერში, სწორედ დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, კათოლიკოს-პატრიარქი გამოვიდა ინიციატივით პირადად მოენათლა ყოველი მესამე და მომდევნო შვილი. ამ ერთი შეხედვით მარტივმა გადაწყვეტილებამ ძლიერი მოტივაციის როლი შეასრულა და საგრძნობლად იმოქმედა ქართველების რეპროდუქციულ ქცევაზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით დაბადებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს საქართველოში 57 031 ბავშვი დაიბადა, 2013 წელს - 57 878 , 2014 წელს კი - 60 635 ახალშობილი შეემატა მოსახლეობას. ამავე მონაცემებით ბუნებრივმა მატებამ ყოველ ათას კაცზე 3.1 შეადგინა.

 2009 წლის მარტში BBC-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,ეკლესიის ლიდერმა ქართული შობადობის ბუმს დაუდო დასაბამი" (http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/7964302.stm), მასში ვკითხულობთ: ,, საქართველო, რომელიც ორი წლის წინ მსოფლიოში შობადობის ერთ-ერთი უდაბლესი მაჩვენებლით ხასიათდებოდა, პატრიარქის ჩარევის შედეგად, შობადობის ბუმს აღწევს". მსგავსი შინაარსის რეპორტაჟი CNN-მაც მოამზადა 2010 წელს (http://edition.cnn.com/2010/WORLD/europe/04/23/georgia.powerful.patriarc...), სადაც პატრიარქი თავად იყო მიწვეული შობადობის გაზრდილ მაჩვენებელთან დაკავშირებით სასაუბროდ. ცნობილია, რომ დღეისათვის პატრიარქის ამ ინიციატივის წყალობით დაახლოებით 15 ათასზე მეტი მესამე და მომდევნო შვილი მოინათლა. ბუნებრივია, პატრიარქს სურს საქართველოში ახალშობილთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ჩვენი ქვეყნის კრიზისული დემოგრაფიული მდგომარეობა სწორედ წახალისების პოლიტიკას საჭიროებს.  

 ჩვენი ქვეყნის მასტიმულირებელ დემოგრაფიულ პოლიტიკას ასევე ასახავს სახელმწიფოს ხელისუფლების 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილება, რომელიც გამოხატავს მთავრობის გადაწყვეტილებას ხელი შეუწყოს მთიანი რეგიონების დემოგრაფიული გაჯანსაღების პროცესს, კერძოდ 2014 წ. 1 ივნისიდან საქართველოს ექვს რეგიონში მცხოვრები ყოველი მესამე შვილის მშობელი სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას იღებს. სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი, იმერთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან იმით გამოარჩიეს, რომ იქ ადამიანთა გარდაცვალების შემთხვევები დაბადების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აჭარბებდა. მთიან რეგიონებში მცხოვრებლებისთვის დახმარების თანხა 200 ლარით განისაზღვრა, ბარში მცხოვრებთათვის - 150 ლარით. კომპენსაციას მშობელი მესამე ბავშვის დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში მიიღებს. დემოგრაფიულ საკითხებზე სპეციალური სამთავრობო კომისია მუშაობს, რომელსაც ევალება დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო პროგრამის შემუშავება. მთავრობის მიერ დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების მიზნით უკვე გადადგმულ ნაბიჯებად ასევე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უფასო მშობიარობისა და დეკრეტული შვებულებების 4-დან 6 თვემდე გაზრდაც მოიაზრება.

 საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ამ სფეროში განსაკუთრებული როლი აქვს გაეროს მოსახლეობის ფონდს. ფონდი წარმოადგენს განვითარების სფეროში მოქმედ საერთაშორისო სააგენტოს, რომელიც ხელს უწყობს ყოველი ქალის, მამაკაცისა და ბავშვის უფლებას იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრებით, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. გაეროს მოსახლეობის ფონდი დახმარებას უწევს ქვეყნებს მოსახლეობის შესახებ მონაცემების დამუშავებაში შესაბამისი პოლიტიკისა და პროგრამებისათვის სიღარიბის დასაძლევად. ფონდის მიზანია, ყველა ორსულობა იყოს სასურველი და უსაფრთხო, ყველა ახალშობილი - ჯანმრთელი, ყველა ახალგაზრდა - დაცული აივ/შიდსისგან და დამოკიდებულება ყველა გოგონასა და ქალის მიმართ - გამსჭვალული ღირსებითა და პატივისცემით.

 განვითარების მიზნების მისაღწევად „გაეროს მოსახლეობის ფონდი მიისწრაფის გააუმჯობესოს ადამიანთა ცხოვრება და გააფართოვოს ცალკეული პიროვნებების, ასევე ოჯახების  არჩევანის შესაძლებლობანი.  საბოლოო ჯამში, სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთა არჩევანი, რომელსაც ისინი აკეთებენ რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ქცევის სფეროში, ცვლის პლანეტის მოსახლეობის სტრუქტურასა და განსაზღვრავს გლობალურ ტენდენციებს. მთავრობათა მოთხოვნის საფუძველზე გაეროს მოსახლეობის ფონდი ეხმარება მათ სიღარიბის მასშტაბების შემცირებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად შესაბამისი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში. ამას გარდა, ფონდი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნებს იმ მონაცემთა შეკრებასა და დამუშავებაში,  რომელთა მიხედვითაც, შესაძლოა, შევიტყოთ დემოგრაფიული ტენდენციების შესახებ. გაეროს მოსახლეობის ფონდი ურჩევს მთავრობებს, ისევე გაითვალისწინონ მომავალ თაობათა მოთხოვნილებანი, როგორც იმათი, ვინც ამჟამად ცხოვრობს. მჭიდრო კავშირი მდგრად განვითარებასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გენდერულ წონასწორობას  და ფონდის მოღვაწეობის ძირითად მხარეებს შორის, დადასტურებული იქნა 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების ქაიროს საერთაშორისო კონფერენციაზე. ფონდი თავის მოღვაწეობისას ხელმძღვანელობს ქაიროში მიღებული პროგრამით.  ამ კონფერენციაზე 179 ქვეყანა შეთანხმდა, რომ ჯანდაცვის და განათლების სფეროში არსებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილება, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით, მდგრადი განვითარების ხანგრძლივი პერსპექტივისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.” (http://www.georgiaunfpa.ge/unfpa/population-and-development)

 ფონდის მონაცენებით საქართველოს მოსახლეობა სულ  - 4,394.700 შეადგენს, მ.შ. ქალაქად  - 52.5%, სოფლად  - 47.5%, მოსახლეობის სიმჭიდროვე  - 66, ბუნებრივი აღწარმოების მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  - 1.8, 10-24 წლის ასაკის მოსახლეობა  - 23%, 60 და მეტი წლის ასაკის მოსახლეობა  - 18.1%, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლიობა ქალებს შორის -  79.4 წელი, მამაკაცებს შორის - 70.5 წელი, სულ -  75.1 წელი, შობადობის მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  - 11.2, სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1 000 სულ მოსახლეზე)  - 9.4, ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი (1 000 ცოცხლადშობილზე)  - 13.3, სახლში მშობიარობების პროცენტული მაჩვენებელი  - 7.5, 15-44  წლის ქორწინებაში მყოფ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, ვინც ამჟამად მიმართავს კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდებს - 26.4, აბორტების მაჩვენებელი ქალებში სამწლიან მონაკვეთში - 3.1,  15-44 წლის ასაკის ქალთა პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც სმენია კონტრაცეპციის თანამედროვე მეთოდების შესახებ -  96.7

 უსაფრთხო დედობა ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. „განვითარებად ქვეყნებში ყოველ ერთ წუთში ერთი ქალი იღუპება ფეხმძიმობის ან მშობიარობის დროს გამოწვეული  ისეთი გართულებების შედეგად, რომელთა თავიდან აცილება ან აღკვეთაც შესაძლებელია, ხოლო გადარჩენილ ბავშვთა სიცოცხლე საფრთხეშია. 

 ფონდის სტრატეგია დედათა სიკვდილიანობის პროფილაქტიკისათვის, ითვალისწინებს:

  • ოჯახის დაგეგმვა და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება;
  • კვალიფიცირებული დახმარება მშობიარობის დროს;
  • გადაუდებელი გინეკოლოგიური დახმარება ყველა ქალს, რომელსაც განსაზღვრულ დროს გართულებები შეექმნება.“ 

 (http://www.georgiaunfpa.ge/unfpa/gender-equality)

 ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს "ოჯახის დაგეგმვას", რომელიც მოიაზრებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და გაუმჯობესებას. “რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის უფლებაა. ამასთანავე, მთელს მსოფლიოში, რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს შვილოსნობის ასაკის ქალთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზს. სულ მცირე 200 მილიონ ქალს სურს დაგეგმოს საკუთარი ოჯახის მომავალი და შვილების რაოდენობა, მაგრამ უსაფრთხო და ეფექტიანი კონტრაცეპციის საშუალებები მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. მოსახლეობის ფონდი წარმოგვიდგენს რეპროდუქციული ჯანდაცვისადმი კომპლექსურ მიდგომას, რაც შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • სანდო ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ყველასათვის მისაღები და უსაფრთხო  კონტრაცეპციის მთელი რიგი, კლიენტზე ორიენტირებული კონსულტირება;
  • მშობიარობამდელი გინეკოლოგიური დახმარების ხარისხის გაუმჯობესება ყველა ფეხმძიმე ქალისათვის;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის შიდსის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • შიდსის შემდგომი გავრცელების აღკვეთა” და ა.შ. (http://www.georgiaunfpa.ge/unfpa/sexual-and-reproductive-health)

 არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება, კონტრაცეფციების გამოყენების მეშვეობით, არამც და არამც არ შეიძლება მოიაზრებოდეს შობადობის ზრდის ხელშემშლელ ფაქტორად. არასასურველი ორსულობა ნიშნავს არასასურველ ბავშვს, რომელიც აპრიორი განწირულია. როგორც წესი, ასეთ ბავშვებს დედები სამშობიაროს კედლებშივე, ან უარეს შემთხვევაში სანაგვეზე ტოვებენ, ჩვენ ამის არაერთი გახმაურებული შემთხვევა ვიხილეთ არცთუ შორეულ წარსულში. ხშირია შემთხვევები, როდესაც დედა არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი, მაგრამ აჩენს ბავშვს იმის გამო, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ დარჩენია. ასეთი ბავშვები ძალიან ხშირად ხვდებიან ქუჩაში სამათხოვროდ, ან ზოგჯერ სრულიად უპატრონოდ აღმოჩნდებიან ქუჩაში, სადაც ხშირად კიდევაც სძინავთ. არასასურველი ორსულობა, როგორც წესი, ტრაგიკულად სრულდება, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. 90-იან წლებში ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ხშირი იყო ლეტალური შედეგები თვითაბორტის წყალობით, რომელსაც მიმართავდნენ სასოწარკვეთილი ორსული ქალები. გაჭირვების და სხვა მიზეზთა გამო, მათ არ შეეძლოთ მიემართათ ექიმისთვის, სახლის პირობებში თვითაბორტები კი, როგორც წესი, იწვევდა ქალის ან ნაყოფის დასახიჩრებას და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხშირად სავალალო, გამოუსწორებელი შედეგებითაც სრულდებოდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, დახმარების თხოვნით მიმართა მაშინდელმა მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რასაც მოჰყვა სწორედ გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ განხორციელებული "ოჯახის დაგეგმვის"ინიცირება. ამ პროგრამის წყალობით, სავარაუდოდ, არაერთი არასასურველი ორსულობა და მშობიარობა იქნა თავიდან აცილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ არაერთი რეპროდუქციული ასაკის ქალი გადარჩა თვითაბორტს და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მოშლას, ან სულაც ლეტალურ შედეგს. ასევე, არაერთი არასასურველი ბავშვი გადარჩა სანაგვე ურნაში მოხვედრის და ქუჩაში მათხოვრობის ხვედრს.

 ეს არის მოკლედ, რაც მინდოდა მეთქვა საქართველოში არსებული დემოგრაფიული პროცესების და მათთან ასოცირებული ძირითადი მოქმედი ინსტიტუტების როლების შესახებ. რაც შეეხება მითს იმის თაობაზე, რომ გაფართოებული აღწარმოება საფრთხეს უქმნის კაცობრიობის მომავალს და აისახება ეკოლოგიურ თუ სასურსათო უსაფრთხოებაზე, გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, არასაკმარის სასურსათო მარაგებს და სოფლის მეურნეობის პროდუქტების დეფიციტს, რის გამოც მოსახლეობის ხელოვნურად შემცირების მიზნით პროვოცირებულ იქნა ვირუსები და სხვა დაავადებები, შემოღებულია გენური ინჟინერია, ინსპირირებულია ომები, განზრახ წახალისებული ნარკომანია და ჰომოსექსუალიზმი, კონტრაცეპტივების გამოყენება და სხვა, აქ დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თავად განსაჯეთ სად იწყება მითი და სად მთვრდება რეალობა, ადამიანის ფანტაზია ხომ უსასრულოა და უკიდეგანო.

SocietyWorldLifestyleმსოფლიო დემოგრაფიის საკითხებიაღწარმოებაშობადობა საქართველოში და პატრიარქის ინიციატივა

A FEW MISTAKES AGO ..

$
0
0
Georgian

ბოლო თვეებია საჭმელს ვეღარ ვჭამ და ვერც მძინავს. უფრო სწორად, რომ ვთქვა, ვჭამ იმდენს, რომ მუდმივად მშიერი ვიყო. როცა მშია, იმდენად მშია, რომ უკვე აღარ მშია. მაგიდასთან მისული უკან ვბრუნდები. რამდენჯერმე ვცადე დამეყნოსა საჭმელი, ვფიქრობდი, რომ მადას გამიღვიძებდა, მაგრამ ვხვდებოდი, აზრი არ ჰქონდა. ბოლოს ყოველგვარი მცდელობა გავაქრე. ისე, გულახდილად რომ თქვა, საჭმლისადმი განსაკუთრებული სიყვარული არასოდეს ვიცოდი.

მხოლოდდამხოლოდ სინდისის გამო, რაც ხელში მომხვდება, ვიცვამ, მივდივარ უნივერსიტეტში და ბოლო მერხთან ფეხაკეცილი ვჯდები.

ხანდახან გააზრებულად ადრე შევდივარ აუდიტორიაში და სიჩუმეს ვუსმენ. ვხვდები, რომ  სიცარიელე მიზიდავს. მერე ვაკვირდები ბავშვების შემოსვლას და მათი ნაბიჯების მრავალგვარ ხმებს.

ლექციებზე ლაპარაკი მიჭირს, დაწითლებულ თვალებს ვერ ვახელ და მგონია, დამეძინება. ასეთ დროს ვცდილობ საკუთარი თავი გამახნევო, რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქო და სახეზე შეპარული სიწითლე ერთი ხელის მოსმით გავაქრო.

უთქმელი დარდი ყოველთვის ყველაზე მეტად თვალებზე მეტყობა. წყლიან, ჩაწითლებულ, დიდ თვალებზე. ამიტომაც ვერასოდეს ვმალავ, როგორც არ უნდა მინდოდეს.

არის ისეთი ღამეებიც, როცა ვიცვამ და "კაპიშუნში"თავშერგული, კარგი მუსიკით მივუყვები გზებს. ასეთი თბილისი ყველაზე უფრო ახლოსაა ჩემთან, ვერავინ გხედავს, არავის აინტერესებ და გემრიელი მუსიკის ფონზე შენს მოგონებებსა და აზრებს, შესაძლო ინტერპრეტაციებს უძებნი.

ათასი ლოთი, მათხოვარი და მეძავი შეგხვდება ქუჩაში: ზოგი სხეულით ვაჭრობს, ზოგიც - საქციელებით. ქმედებებით ვაჭრობა ყველაზე ცუდი რამეა ამქვეყნად. თუ სიმართლე გინდა, ბევრად საშინელი ისაა ,როცა ფიქრობენ , ბევრს ფიქრობენ, ხვდებიან საკუთარი საქციელების მცდარობას,  მაგრამ მაინც არ ნანობენ, რამეთუ საკუთარი თავის ზედმეტად სწამთ.

ნელი ნაბიჯით მივდივარ. ვიცი, რომ საკუთარ თავს მაინც ვერსად გავასწრებ. ვუყურებ უამრავი ადამიანის ნატანჯ სახეებს და ვფიქრობ, აუცილებლად, აუცილებლად, დადგება დრო, როცა ვიტყვი, რომ უაზროდ ვიდარდე.

ასეთი საქციელები თვითდაზიანებას ჰგავს, დარდს. უცნაურია, რომ როგორი მართალიც არ უნდა მეგონოს თავი, როგორი ცალსახად მართალი არ უნდა ვიყო, ქვეცნობიერი მაინც მეუბნება, რომ დამნაშავე ვარ და უნდა დავისაჯო, ვიდარდო არ ჩადენილი ცოდვისთვის.

ცუდია, როცა ისეთი ვიღაცები არსებობენ, რომლებიც თავს მაშინაც კი დამნაშავედ გაგრძნობინებენ, როცა მართალი ხარ.

და უფრო ცუდია, როცა ასეთი ადამიანები სიგიჟემდე გიყვარს.

SocietyWorldLifestyle

თავისუფლების პრობლემა:ადამიანიდან -ვირამდე

$
0
0
Georgian

იქამდე სანამ რაღაცის ჩაკოპირებას დავაპირებდი ,ამერეოდა და პირვანდელი ნაწერი წამეშლებოდა- ვწერდი ამბავს,რომელიც რამდენიმე ხნის წინ შემემთხვა , ვყვებოდი ბავშვზე, რომელიც  დათრგუნული სახით , თანატოლებს უარს ვერ ეუბნებოდა,სახლში წასვლა  უნდოდა ( აგვიანდებოდა და  დაგვიანების შემთხვევაში შედეგი იცოდა) , ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა, იგივე მდგომარეობაში ხშირად ვყოფილვარ ,ვერ მითქვამს უარი მეგობრებისთვის და საკუთარ თავზე ამიღია ხშირად სასჯელი, მსუბუქი ,ჩვეულებრივი საყვედური,თუმცა მაინც სასჯელი..

მივედი და ვუთხარი რომ ის უნდა გაეკთებინა,რაც უნდოდა ,მეგობრებთან ხათრის გამო არ უნდა დარჩენილიყო და თუ მართლა აუცილებელი იყო სახლში წასვლა უნდა წასულიყო.გაეხარდა და მაშინვე მიიღო წასვლის გადაწყვეტილება,ბავშვებმა დაინახეს მტკიცე მეგობარი, გაიგეს მისი თავდაჯერებული ხმა და ისინიც  მას გაჰყვნენ...

ამბავი არჩევვანის თავისუფლებას მოვაყოლე,რომელიც,როგორც ადამიანებიდან ისე ცხოველებიდანაც მოდის და ხშირად ადამიანების მსგავსად ცხოველებიც ვერ აკეთებენ არჩევანს,რადგან ეს არც ისე მარტივია, განსაკუთრებით ბევრი არჩევანის შემთხვევაში..ასეთ დროს მახსენდება "ბურიდანოს ვირი"რომელმაც ორ ერთნაირ თივის ზვინს შორის არჩევანი ვერ გააკეთა და შიმშილით დაიღუპა...

ყოველთვის როდესაც თავისუფლების პრობლემას ვეხები "სიზიფეს მითი"მახსენდება ,სიზიფეს არ აქვს არჩევანის საშუალება,მას აქვს ღმერთების სასჯელი, რომელსც ის თავის თაისუფლებად ხდის, ემორჩილება ბედს და სწორედ ეს ხდება მისი არჩევანის თავისუფლება , აქ ღმერთების სასჯელი-სასჯელი აღარაა.

სინამდვილეში ბავშვისთვის სახლში წასვლა თავისუფლება არ იყო,ეს მისი მშობლების სასჯელია,როგორც სიზიფესთან ღმერთების ,თუმცა სიზიფესავით ბავშვიც ემორჩილება ბედს და დარწმუნებული ვარ გადაწყვეტილების მიღებისას მასზე ბედნიერი არავინ იყო...

ხშირად ადამიანები სწორედ ბედს ემორჩილებიან და ამით ხდებაინ თავისუფლები , ეს გაცილებით ვრცელი თემაა

სიზიფეს მითსა და თავისუფლების პრობლემას  ვრცლად მინდა ცალკე "პოსტი"დავუთმო...

SocietyWorldLifestyleსიზიფემითიპრობლემათავისუფლებაბავშვიმშობელისასჯელი ვირიბურიდანოზვინიარჩევანი.სინამდვილეგადაწყვეტილებაბედიღმერთები

ღამე საშიშია

$
0
0
Georgian

სველ ტროტუარს მივუყვებოდი და პოზიტიურად ვფიქრობდი მომავალზე,დაახლოებით ათის ნახევარი იქნებოდა,ცოტა ხანში შევამჩნიე,რომ გვერდით მანქანა მომყვებოდა,შავი კორსა,რომლის საქარე მინიდანაც ტორპედოზე განთავსებული პოლიციის ემბლემა და ოთხი თვალი შემომცქეროდა.არ შევიმჩნიე,ალბათ ვინმეს ეძებენ,ან რომელიმე დამნაშავეში შევეშალეთქო - დავიწყე საკუთარი თავის გამხნევება.რამოდენიმე წამში მანქანა ჩემს გვერდით გაჩერდა და ჩემმა ფიქრებმა მომავლის დაგეგმარებინდან გადაინაცვლეს იმაზე,თუ რა უნდოდათ,ამ ორ პოლიციელს ჩემგან,სრულიად უდანაშაულო ადამიანისგან.თავისთან მომიხმეს,მეც მივიწიე.ერთ-ერთის პირიდან ამოსულმა ალკოჰოლის საშინელმა და მაისურიდან გამოჟონილმა მომაკვდინებელმა ოფლის სუნმა ჩემი გაგუდვა სცადეს,მაგრამ ავიტანე.ტრივიალური შეკითხვების დასმა დაიწყეს:რა გქვია,(ნამდვილი სახელი,,,კლიჭკები"დაუშვებელია)მამაშენის სახელი,რომელ წელს დაიბადე,თვე და რიცხვი.ერთერთი ჩემს გაცემულ პასუხებს დოკუმენტში იწერდა.დავიბენი,ალბათ გაუგებრობაა-მეთქი,გავიფიქრე გულში,გავბედე და ვუთხარი კიდეც ნაფიქრალი,მაგრამ ჩემი სიტყვები ზედმეტ საუბრად ჩათვალეს.ჩვენ კითხვებს ვსვამთ და შენ უნდა გაგვცე პასუხებიო.მივეცი თავს ნება და ვკითხე,რამე ხომ არ დამიშავებიათქო,ამაზე გაცოფდნენ,კიდევ ერთ სიტყვას ამოიღებ და განყოფილებაში წაგიყვანთო.მხრები ავიჩეჩე და დაველოდე,შეავსეს,შეამოწმეს სიაში რაღაც და ფოტოს გადაღება დაიწყეს ჩემთვის.რატომ მიღებთქო, ვკითხე,ასეა საჭირო,ყველას ვიღებთო,ვინც ღამე ქუჩაში დადისო და თავის აიფონში ჩამახედა,საიდანაც დაახლოებით ჩემი ხნის ბავშვების დაბნეული სახეები მოჟონავდნენ.კი,მაგრამ ქუჩაში სეირნობა არ შეიძლება-მეთქი.უპასუხოდ დამტოვეს.

გამიშვეს,სახლში წასვლა და ღამე ქუჩაში სიარულისკენ თავის არიდება მირჩიეს.სახლში მისვლამდე გზაზე ისევ მომავალზე დავიწყე ფიქრი,მაგრამ ამჯერად პოზიტიური არაფერი მიფიქრია.მივხვდი,რომ არც არაფერი იყო საპოზიტიურო.

შესაძლებელია ჩემი მომავალი,ამ ქვეყანაში არ გაგრძელდეს და ცხოვრება,სადმე რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში გავაგრძელო,სადაც ღამით ქუჩაში გასულზე ოფლით და ალკოჰოლით აყროლებული პოლიციელი არ შემხვდება და სასეირნოდ გამოსვლას არ ამიკრძალავს,მაგრამ ისინი,აი ის ადამიანები,რომელთა დაბნეული სახეებიც მოჟონავდნენ,იმ ,,კანონის დამცველის"აიფონიდან,ისინი სად წავლენ ? ალბათ ისინიც გაიქცევიან და დარჩებათ ქვეყანა წმინდანებს და პოლიციელებს.

PoliticsCultureLifestyleპოლიციაღამე საშიშია

როცა მუსიკა გიყვარს

$
0
0

ჩაისუნთქე ღრმად. მოდუნდი. მიიღე მონაწილეობა. დაკარგე კონტროლი. იგრძენი მუსიკა. გადარჩი. იცხოვრე ღამით. შეიყვარე კუნძული.

და Do it every fucking year!

ეს მოკლე ინსტრუქციაა იმისთვის, თუ როგორ მიიღო სიამოვნება მუსიკის ფესტივალზე. ის ვინმე მარკო პრესტინის ეკუთვნის, რომელიც 2011 წელს ერთ კარგ ადგილზე აღმოჩნდა და შემდეგ ამაზე შთამბეჭდავი მოკლე ფილმი გადაიღო. სიმართლე ითქვას, იქ რომ მოხვდე, არც ისე ბევრი რამაა საჭირო – მუსიკის სიყვარული, პასპორტი შენგენის ვიზით, რამდენიმე ასეული ევრო და მცირე დოზით ავანტიურიზმი. 1993-ში ამის გაკეთება შესაძლოა არც ისე საინტერესო ყოფილიყო – გადაფრენა ბუდაპეშტში, პატარა კუნძულის, ობუდას პოვნა და Diaksziget-ზე უნგრელი მუსიკოსების შემოქმედების მოსმენა. დღეს, როდესაც სიგეტის მუსიკის ფესტივალი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო პროგრამას გვთავაზობს, მუსიკის ყველანაირი ჟანრის ჩათვლით, მასზე ასეულობით ათასი ადამიანი ჩადის. წლების მანძილზე, სწორედ შესანიშნავი line-up-ების დამსახურებით, სიგეტი მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალად იქცა.

Coldplay Bilbao BBK Live-ზე
90-იანებიდან მოყოლებული, მუსიკის ფესტივალები მელომანებისთვის იმ ადგილად იქცა, სადაც ერთდროულად უამრავი მუსიკოსის მოსმენა, მთელი მსოფლიოდან ახალი მეგობრების შეძენა და უბრალოდ, დასვენება შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება, ამ მხრივ ევროპა განსაკუთრებით მიმზიდველია – არა მხოლოდ კარგი მენეჯმენტის, საუკეთესო პროგრამების წყალობითაც. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი შეიძლება არც აღმოჩნდეს გადამწყვეტი ფაქტორი – პეტროვარადინის ციხესიმაგრეში დახუთული ატმოსფერო, შესაძლოა, მავანმა ადვილად გაცვალოს როსკილეს გრილ ამინდზე. ხშირ შემთხვევაში, მუსიკის ფესტივალები კემპინგთან ასოცირდება, რაც, მართალია, მხოლოდ რამდენიმე დღით, მაგრამ ცხოვრების სტილის შეცვლასაც გულისხმობს.

ამიტომ, ბოლო წლებში ონლაინმაღაზიებმა ადრიან გაზაფხულზე კატალოგების შედგენაც კი დაიწყეს, სადაც კონტენტი ძირითადად ერთი კითხვით განისაზღვრება – რა ჩავიცვათ ქოაჩელაზე? Coachella style ბოლო წლებში ალბათ რაღაც განსაკუთრებულ მიმდინარეობადაც კი ჩამოყალიბდა, რომელიც სულაც არ ითხოვს კალიფორნიაში ვიზიტს. სტილის განვრცობა თამამად შეიძლება სხვა ნებისმიერ ფესტივალზე, რომელიც თბილ დღეებში ტარდება და კემპინგის ელემენტს მოიცავს. კომფორტი აქ საკვანძო სიტყვაა და პირველ რიგში თავისუფალ სამოსს, კომფორტულ ფეხსაცმელსა და მზისგან დამცავ საშუალებებს მოიაზრებს.

ერთი სიტყვით, აქ დრეს-კოდი ბუნებრივი პირობების მიხედვით იქმნება. განსაკუთრებული ფენომენია კაზანტიპი, სადაც ნარინჯისფერი სამოსი არა სავალდებულო, არამედ, უბრალოდ, კარგი ტონის მანიშნებელია. თუმცა, ეს ის ადგილია, სადაც მუსიკის მოსასმენად სამოსი მინიმალური დოზით გჭირდებათ – სიტყვა topless აქ ისევე უყვართ, როგორც ელექტრონული საუნდი.

KaZantip

KaZantip

კაზანტიპის რესპუბლიკის მოქალაქეებს ნარინჯისფერი სამოსით და ყვითელი ჩემოდნებით იცნობთ. კაზანტიპი ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული, ყოველწლიურად იმართება უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. სხვა ფესტივალებისგან მას განსაკუთრებით ის გამოარჩევს, რომ აქ ცნობილი დიჯეების მოსმენა და დასვენება ერთდროულად შეიძლება – პლაჟზე წვეულებები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში იმართება, მზის აბაზანები, ვიტამინი D და ზღვა კი ხარისხიანი მუსიკით მიღებული ენდორფინების დოზას ერთიორად ზრდის.

ამბობენ, რომ კაზანტიპი ერთდროულად გიყვარს და რაღაც მომენტში, გძულს კიდეც. თავიდან ერთი სული გაქვს, აქ როდის მოხვდები, შემდეგ კი ოცნებობ მალე მოუსვა აქედან, იმიტომ რომ დღე და ღამე წვეულებებზე ყოფნა უზარმაზარ ენერგიას გართმევს. ანუ, საზაფხულო შვებულების შემდეგ კაზანტიპელი სრულფასოვნად დასვენებულად თავს ვერ იგრძნობს. ეს კი არა, საშინლად გამოუძინებელი და შესაძლოა, მზეზე დამწვარიც დაუბრუნდეს ყოველდღიურ რუტინას.

იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვიზა არ დაგჭირდებათ, ყირიმის ეს პატარა სამოთხე ზაფხულის დღეების გასატარებლად იდეალურ ადგილად იქცევა. კაზანტიპის ციებ-ცხელება წელს 31 ივლისს დაიწყება და 14 აგვისტომდე გასტანს.

თავარია, გახსოვდეთ, რომ კაზანტიპი მაინც წარმოსახვითი სამყაროს ნაწილია, რომელსაც იგონებთ იმისთვის, რომ ყოველდღიურ მოწყენილობას თავი დააღწიოთ და ცოტა ხნით მაინც იცხოვროთ იქ, სადაც არ არსებობს შეზღუდვები, სულ მზიანი ამინდი და ბევრი ფერადი კოქტეილია. დამატებითი ბონუსი: კაზანტიპის ცნობილი Z-Games და, ცხადია, ხანმოკლე ქორწინება, რომელიც დღესასწაულის დასრულებამდე გასტანს.

Sziget

Sziget

სიგეტის მენეჯმენტი ყოველ წელს ახერხებს ძალიან საინტერესო პროგრამების შედგენას. ხუთი დიდი და ოცამდე პატარა სცენა და უამრავი მოედანი ბევრ ცნობილ არტისტს წარმოადგენს. წელს მათ რიცხვში Wax Tailor, Azealia Banks, Tame Impala, Blur, Hadouken!, Skunk Anansie, Regina Spektor, Leningrad, Parov Stelar Band, Peter Bjorn & John და სხვები მოხვდებიან. ისე კი, მუსიკა უნგრული დღესასწაულის ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. აქ დროის გატარება შესანიშნავად შეიძლება – ქუჩის თეატრები საინტერესო წარმოდგენებს დგამენ, ლოგიკური თამაშების კარავში ჭადრაკისა და დომინოს მოყვარულებს ელოდებიან, გარეთ წლის საუკეთესო ფილმებს აჩვენებენ, ხოლო სამზარეულო ყველანაირ კერძებს გთავაზობთ: ბურგერებიდან დაწყებული, ტრადიციული უნგრული, ვეგეტარიანული და ბიომენიუთი დამთავრებული.

Exit

მოქმედება სერბეთში, უფრო ზუსტად კი ნოვი-სადში, პეტროვარადინის ციხესიმაგრეში ხდება. ფესტივალი 2000 წელს დააარსეს ნოვი-სადელმა სტუდენტებმა. მათი მხრიდან ეს პროტესტის გამოხატულება იყო სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის წინააღმდეგ. დუნაის სანაპიროზე ჰაბსბურგების დროინდელი არქიტექტურული ძეგლის მონახულებას დამატებითი ხიბლი აქვს, რომელსაც უცხოელი ტურისტები გვერდს ვერ უვლიან. ესეც არ იყოს, ფესტივალზე დასწრება საკმაოდ იაფი ჯდება, საცხოვრებლის და საკვების დაბალი ფასებიდან გამომდინარე.

Exit-ს მკაცრი წესები აქვს. აქ აკრძალულია ტერიტორიის დატოვება, საკვების, კარვების, ქოლგების და საბნების შეტანაც კი, ცხადია, არ დაიშვება ნარკოტიკები და იარაღი. სიმკაცრის კომპენსაცია შესანიშნავი line-up-ებით ხდება. ოცი სცენა ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მუსიკოსს და მუსიკალურ ჯგუფს წარმოადგენს. წლევანდელ პროგრამაში უკვე გამოიკვეთა რამდენიმე სახელი, მათ შორის – Snoop Dogg, Bloc Party, Brookes Brothers, Prototype, Fatboy Slim, თუმცა 10 ივლისამდე კიდევ ბევრი არტისტის დამატება იგეგმება.

Roskilde
Roskilde

ჩრდილოეთ ევროპაში ყველაზე დიდი და, უბრალოდ, ყველაზე მაგარი მუსიკის და ხელოვნების ფესტივალია, რომლის ისტორია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანებიდან იწყება. ის დანიაში, ვიკინგების ეპოქის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ როსკილეში ტარდება, რომელიც კუნძულ ზელანდიაზე მდებარეობს. აქ მოხვედრა სკანდინავიური კულტურით დაინტერესებულ ადამიანებს განსაკუთრებით დააინტერესებთ.

კემპსაიტი 80 ჰექტარზეა გაშლილი. სტუმრების რაოდენობა ხშირად ასი ათასს აჭარბებს. როსკილეს ფესტივალის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ორგანიზება დამოკიდებულია ათასობით მოხალისეზე, რომლებიც აწყობენ სცენებს, შლიან კარვებს და ყველაზე მძიმე სამუშაოს ასრულებენ. სამაგიეროდ, წინ არაჩვეულებრივი რამდენიმე დღე ელით (იმ გამონაკლისი შემთხვევის გარდა, თუ სკანდინავიურმა ამინდმა ყველაფერი არ ჩაშალა და მაგრად არ გაწვიმდა).

მუსიკოსები აქ დროში შეზღუდულები არ არიან და ბისზე შეუძლიათ რამდენჯერმე გამოვიდნენ, პროგრამა კი ყოველ წელს ღირსშესანიშნავია და გემოვნებიან მეინსტრიმზეა ორიენტირებული. Kraftwerk-ის, The National-ის, Slipknot-ის, Kendrick Lamar-ის, Rihanna-ს, Sigur Ros-ის, Dead Can Dance-ის თაყვანისმცემლებმა 29 ივნისიდან ზაფხული ალბათ უკვე დაგეგმეს. მომავალ თვეებში პროგრამას კიდევ ბევრი სახელი დაემატება.

Bilbao

სითბოს მოყვარულებს ვურჩევთ, სამხრეთისკენ აიღონ გეზი. ესპანური მუსიკის ფესტივალები წელს მართლაც შესანიშნავ პროგრამებს გვთავაზობს. ბასკების ქვეყანაში, კონკრეტულად კი ბილბაოში, კობეტასის მთის ფერდობზე 2006 წლიდან ტარდება Bilbao BBK Live, რომელიც უკვე სამჯერ იყო ნომინირებული ევროპული ფესტივალების დაჯილდოებაზე, როგორც საშუალო სიდიდის საუკეთესო ევროპული ფესტივალი. ბილბაოში წელს 11-დან 13 ივლისის ჩათვლით ისეთი კარგი მუსიკოსები ჩავლენ, როგორიცაა Depeche Mode, Klaxons, Kings of Leon, Greend Day, Fatboy Slim, Twin Shadow, Benjamin Biolay, alt-J, The Hives.

Exit
Sónar

სამდღიანი დღესასწაული ელექტრონული მუსიკისა და თანამედროვე ხელოვნების თაყვანისმცემლებისთვის, რომელიც ყოველწლიურად იმართება ბარსელონაში (წლევანდელი თარიღია 13-დან 15 ივნისამდე) და 80 000-მდე სტუმარს მასპინძლობს. ის არა მხოლოდ ღია ცის ქვეშ, არამედ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ცენტრშიც ტარდება, განსხვავებულია დღისა და ღამის პროგრამები. წლევანდელ მუსიკალურ პროგრამაში Kraftwerk, Pet Shop Boys, Skrillex, Laurent Garnier, Bat For Lashes, Nicolas Jaar, AlunaGeorge, Matthew Herbert, Olafur Arnalds Trio, Breakbot, Gold Panda მოხვდნენ, რაც ამ მზიანი ფესტივალის წარმატებას ტრადიციულად უზრუნველყოფს.

Primavera Sound

უფრო ადრე, 22-დან 26 მაისის ჩათვლით, ბარსელონაში კიდევ ერთი შესანიშნავი ფესტივალი Primavera Sound იმართება, რომელსაც წელს მართლაც არაჩვეულებრივი პროგრამა აქვს. არტისტების უმრავლესობა ბევრისთვის ნაცნობი და საყვარელია: Blur, Nick Cave & The Bad Seeds, Phoenix, Tame Impala, Fiona Apple, Deerhunter, My Bloody Valentine, Dead Cand Dance, James Blake, Grizzly Bear, Wu-Tang Clan, The Knife, Hot Chip, Killer Mike, Apparat, Four Tet, Metz, The Vaccines...

Rock en Seine

როკის მოყვარულები აგვისტოს ბოლოს პარიზის დასავლეთ ნაწილში იყრიან თავს. მათი რიცხვი, ისევე როგორც შემსრულებლების, ყოველწლიურად იზრდება. სტუმრებს ელოდებათ კომფორტული კემპინგის ატმოსფერო სენ-კლუს პარკში და მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც ხშირად სცდება როკის ფარგლებს. წელს როკი სენაზე 23 აგვისტოს აიღებს სტარტს და სამ დღეს გასტანს. ჯერჯერობით პროგრამის მცირე ნაწილია ცნობილი, თუმცა რამდენიმე კარგი სახელის წაკითხვა უკვე შესაძლებელია line-up-ის სიაში. ესენია: Franz Ferdinand, Alt-J, Tame Impala, Kendrick Lamar, Phoenix, Nine Inch Nails, System Of A Down, ASAP Rocky.

Melt

ინდუსტრიული განწყობის შესაქმნელად მელომანები გერმანიაში, გრეფენჰაინიჰენში, ფეროპოლისის მუზეუმს სტუმრობენ. „რკინის ქალაქის"უჩვეულო გარემო ფესტივალს ეგზოტიკურ სანახაობად აქცევს. როკისა და ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს გიგანტური ექსკავატორების პეიზაჟის ფონზე 19-დან 21 ივლისამდე The Knife-ის, Woodkid-ის, Two Fingers-ის, SBTRKT-ის, Scuba-ს, Trentemoller-ის, Flying Lotus-ის, Archive,-ის Modeselektor&Apparat-ის, James Blake-ის მოსმენის საშუალება ექნებათ.

Sónar
Glastonbury

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და კომერციულად წარმატებული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ინგლისის პატარა ქალაქ გლასთონბერიში ტარდება. ის 1970 წელს დაარსდა და თავიდან ჰიპური მოძრაობის გავლენის ქვეშ იყო. შესაძლოა, დღეს ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალი არ იყოს, მაგრამ ის მართლაც უზარმაზარია – მაგალითად, 2007 წელს აქ მუსიკა 80 სცენიდან ჟღერდა. წელს გლასთონბერი, ტრადიციულად, გამორჩეულად კარგ პროგრამას სთავაზობს მელომანებს. 26-დან 30 ივნისამდე, მის სცენებზე ისეთი პოპულარული შემსრულებლები გამოჩნდებიან, როგორებიცაა Arctic Monkeys, The Rolling Stones, The Vaccines, Portishead, The Weeknd, The Orb, Gold Panda, SBTRKT, Sinead O'Connor, Nick Cave&The Bad Seeds, Vampire Weekend, Public Enemy...

Life Festival

ირლანდიაში, უესტმითის საგრაფოში იმართება და საკმაოდ ახალგაზრდა ფესტივალია – მისი ისტორია 2006 წლიდან იწყება, თუმცა ეს ხელს არ უშლის, იყოს ადგილი, რომელსაც გემოვნებიანი მუსიკის მსმენელი ერთ-ერთ ფავორიტად აღიარებს. 2010 წელს ის უკვე ევროპის პატარა მუსიკის ფესტივალების ტოპ ათეულში იყო. Life-ის მიზანია, მსმენელს სამ დღეში წარუდგინოს ელექტრონული მუსიკის საუკეთესო არტისტები. წელს, 24-დან 26 მაისამდე, ფესტივალი ამას შემდეგი სახელებით შეეცდება: Groove Armada, Laurent Garnier, Amon Tobin, Booka Shade, Two Fingers, Reglans...

ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერთი ფესტივალი ზაფხულის ბოლოს ტარდება, პროგრამები ბოლომდე შედგენილი არ არის და მაინც, უკვე ცნობილი სახელების უმეტესობა, ორგანიზატორების რეპუტაცია და თავგადასავლების სურვილი ქმნის წინაპირობას, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ეს ზაფხული ევროპაში ძალიან საინტერესო იქნება. მართალია, ქართველებს ამის სანახავად ქვეყნის საზღვრების გადალახვა მოუწევთ, მაგრამ 5 ივნისს ალტერვიჟენზე ჩვენც გვექნება საშუალება ძალიან კარგი მუსიკა მოვისმინოთ. შესაძლოა, ის დღეც არ არის ძალიან შორს, როდესაც Tricky-ის და Infected Mushroom-ის წონის მუსიკოსები რამდენიმე დღის განმავლობაში გაახარებენ ქართულ პუბლიკას, სცენასთან ახლოს კი კარვები და ბევრი უცხოელი მელომანი გაჩნდება...

Georgian
მუსიკაფესტივალიმუსიკანინა ახლოური: როცა მუსიკა გიყვარსninagoreckiმაისი, 2013ArticleLifestyleDon't displayNobottom white Before article text

სამყარო შავი არ არის

$
0
0
Georgian

მისი მოდით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო. დედამისი, ისევე როგორც ბებია, მკერავი იყო. როდესაც სკოლიდან ბრუნდებოდა, ხშირად მიდიოდა ამ უკანასკნელთან და უყურებდა, როგორ მუშაობდა. შემდეგ ქსოვილებით, მაკრატლით და მსგავსი ნივთებით თამაშს იწყებდა. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტში მარკეტინგისა და კომუნიკაციის მეცნიერებას სწავლობდა, თუმცა ბავშვობის სიყვარულის დავიწყება მაინც ვერ შეძლო და პროფესიასთან მისი სინთეზის შედეგად მოდის სამყაროში აღმოჩნდა.

მოდის კონსულტანტი მარკეტინგისა და კომუნიკაციის სფეროში, ჯანი ფონტანა, საქართველოს თბილისის მოდის კვირეულზე დასასწრებად ეწვია. მოდის მოყვარულებისთვის ის, უბრალოდ, Style Buff-ის ავტორია – მუდამ მომღიმარი იტალიელი ბორსალინოს ქუდით და სტილის კარგი შეგრძნებით. ფონტანას წარმოდგენა ქუდის გარეშე საკმაოდ რთულია, თუმცა თბილისში მისი ტარება ვერ შეძლო – ქარიანი ამინდის გამო.

იმას, რომ იტალიაში მოდის ინდუსტრიაში მისი აზრი გავლენიანად ითვლება, ინტერნეტის დამსახურებად მიიჩნევს. „ცნობილი მხოლოდ მოდის სამყაროში ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბლოგინგი და სოციალური ქსელები პოპულარული გახდა, სხვა ქვეყნებშიც გამიცნეს. უამრავი ადამიანი მწერს მოდის, ფერების შეხამების, ქსოვილების შესახებ. Style Buff ერთგვარი moodboard-ია. ის მხოლოდ მამაკაცებისთვისაა. ესაა ადგილი, სადაც შეიძლება შთაგონება გეწვიოს იმისგან, როგორ იცვამენ მამაკაცები, ცხადია, იტალიური თვალსაზრისიდან გამომდინარე". ფონტანას იტალიური სტილის მოკლე და უბრალო განსაზღვრება აქვს – ეს არის იმის ცოდნა, როგორ შეუხამო რაღაც კლასიკური მოდურს.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ მასტერკლასზე ჯანი ფონტანამ იტალიის მოდის ინდუსტრიის ევოლუციაზე ისაუბრა. „იტალიაში არტიზანული ხელოვნება კარგადაა განვითარებული. ჩვენ ბევრი მკერავი გვყავს, განსაკუთრებით კი სამხრეთში, ვინც ამ ტექნიკას ძალიან კარგად ფლობს. გვაქვს ქსოვილის მწარმოებელი ქარხნები. ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემი მთავარი რჩევა იქნება ხარისხი გააუმჯობესოთ – ვგულისხმობ წარმოებას. ქართველი დიზაინერების ახალ კოლექციებში ვნახე პიჯაკები, შარვლები, რომლებიც არც ისე კარგადაა შეკერილი".

ყველაზე მეტად გული იმაზე დაწყდა, რომ კვირეულზე წარმოდგენილ კოლექციებში ვერ დაინახა მინიშნებაც კი ქართულ ტრადიციებსა და ისტორიაზე: „ის, რაც თბილისის მოდის კვირეულზე ვნახე, შემიძლია ასევე ვნახო მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. მერჩივნა, აქ თქვენი ქვეყნისთვის რაღაც უფრო დამახასიათებელი და ავთენტური ყოფილიყო".

მიუხედავად ამისა, ჯანი ფონტანა ქართული მოდის პოტენციალს დადებითად აფასებს: „ჩვენებები, რომლებიც კვირეულზე ვნახე, მაფიქრებინებს, რომ არსებობს წინსვლის სურვილი, დიზაინერებიც ნიჭიერები არიან. რა თქმა უნდა, აქ არ არის ხარისხის ის დონე, რომელიც არსებობს იტალიასა და საფრანგეთში. მიმართულება ძირითადად სწორია, მაგრამ შესაძლოა უფრო მეტად იყოს საჭირო დეტალებზე ყურადღების გამახვილება.

მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის არ არის საკმარისი, გყავდეს კარგი დიზაინერები. მათ უნდა ჰქონდეთ კარგი ფინანსური მენეჯმენტი და პიარი, არსებობდეს ბაზარი და სათანადო ინდუსტრია. მსოფლიოში კონკურენცია ძალიან ძლიერია – სხვა ქვეყნები უკვე ძალიან წარმატებულები არიან. რთულია მოდის ქვეყანა გახდე, როდესაც არსებობს მილანი, პარიზი, ნიუ იორკი... იტალიაში პირველი მოდის კვირეული 1951 წელს ჩატარდა და დიდი დრო გვქონდა განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, უნდა დაპატიჟოთ მეტი უცხოელები, მაგრამ დღეს სოციალური ქსელებითა და ინტერნეტითაც ბევრის მიღწევა შეიძლება – ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

რაც შეეხება მენეჯმენტს, ის შესანიშნავია, თუმცა არსებობს ტექნიკური ხარვეზები. მაგალითად, მოდელები სიარულის დროს არ უნდა დგებოდნენ სამოსზე. არც ის შეიძლება, რომ ჩვენებაზე ერთი მოდელის სიმაღლე იყოს 180 სმ და მეორესი კი – 20 სმ-ით ნაკლები. გჭირდებათ მეტი პრაქტიკა და გამოცდილება, რაც სხვა ქვეყნების მაგალითზეც შეიძლება მიიღოთ".

ფონტანაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ავთანდილის ჩვენებამ მოახდინა. „ძალიან მომეწონა, შესაძლოა იმიტომაც, რომ კოლექცია ფერადი იყო (ეღიმება). ნათელია, რომ ის მაღალი დონის დიზაინერია. მომეწონა „ატელიე მატერიას"ჩვენებაც. ზოგადად, კვირეულზე ვნახე ძალიან დიდი დოზით შავი ფერი. სამყარო შავი არ არის, ის ბევრი ფერისგან შედგება, ამიტომ საჭიროა მეტი მრავალფეროვნება. არ ვიცი, შესაძლოა თქვენი ბაზარი უფრო ამ ფერზეა ორიენტირებული".

ფონტანას მიაჩნია, რომ დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა მოდის სამყაროსთვის ისაა, რომ ყველა სოციალურ ფენას „მიწვდეს"და ყველას მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ფიქრობს, რომ მომავალში მოდა ალბათ კიდევ უფრო გლობალური გახდება, რადგან ინტერნეტის საშუალებით მასებზე არა მხოლოდ ცნობილი გამოცემები, არამედ ბლოგერებიც დიდ გავლენას მოახდენენ. მოდის დემოკრატიულობაზე ორიგინალური შეხედულება აქვს: „თუ შეგიძლია ატარო ის, რაც მოგწონს, ის დემოკრატიულია. თუ მოდა გაიძულებს გეცვას ისე, როგორც არ მოგწონს, მაშინ ის არ არის დემოკრატიული. ამიტომ, მოდას სტილს ვამჯობინებ – ის პირადულია"...

 

ჯანი ფონტანამოდაStyle Buffინტერვიუ ჯანი ფონტანასთან მოდანინა ახლოური: სამყარო შავი არ არის Nina Akhlouriივნისი, 2013ArticleCultureLifestyleDon't displayNowhite bottom shadeBefore article text

სამოსი არომატისთვის

$
0
0

„სუნამო ხელოვნების ნიმუშია და ის, რაშიც მოთავსებულია, შედევრი უნდა იყოს", – თქვა ერთხელ რობერტ რიჩიმ. L'air du temps-ის ფლაკონი მართლაც შეიძლება სწორ წარმოდგენას გვიქმნიდეს ამ იდეაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რომელ ეპოქას ეკუთვნის ეს ფრაზა. დღეს (ისევე, როგორც მეოცე საუკუნეში), როდესაც სუნამოს ღირებულებას ძალიან ხშირად განსაზღვრავს ჭურჭელი, რომელშიც ის მოთავსებულია და ხანდახან, როგორი შოკისმომგვრელიც უნდა იყოს, მთლიანი ფასის ნახევარზე მეტსაც კი ფლაკონი „იკავებს", რთულია დაადგინო, რომელია პრიორიტეტული.

ამწუხაროდ, ისეც ხდება, რომ შედევრი მხოლოდ ჭურჭელია და სწორედ ის არის ფაქტორი, რომელზეც მარკეტინგული სამსახური გათვლას აკეთებს.
იდეალურ შემთხვევაში, სუნამოს ჭურჭელი საერთო კონცეფციის ნაწილი უნდა იყოს და არომატთან ჰარმონიულ სინთეზს ქმნიდეს. წარმატებული და ცნობილი პარფიუმების შემთხვევაში ვიზუალური ასოციაციები ძალიან ძლიერია, მაგალითად, Chanel №5-ის ხსენებაზე მაშინვე თვალწინ წარმოგვიდგება კლასიკური, მკაცრი სტილის ბოთლი, ყველანაირი ზედმეტი დეტალის გარეშე, რომელიც თავისი ეპოქისთვის საკმაოდ ორიგინალურ ფორმას წარმოადგენდა და დღესაც უცვლელი რჩება. ამის გათვალისწინებით, რთული წარმოსადგენია, რომ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნემდე, სუნამოს ფლაკონი არსებობდა კონკრეტული არომატის გარეშე, როგორც ხელოვნების აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნიმუში.

L’air du temps
მართალია, პარფიუმერიის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ არც ისე ბევრი ექსპონატია შემონახული, რომელიც ფართო წარმოდგენას შეგვიქმნიდა, თუ როგორ ჭურჭელში ინახავდნენ სუნამოს უძველეს დროში. ამის მიუხედავად, ცნობილია, რომ ძველ ეგვიპტეში ფლაკონის მსგავსი ჭურჭელი არა მარტო თიხისა და ქვისგან, არამედ ხისა და სპილოს ძვლისგანაც კი მზადდებოდა. მოგვიანებით, ძველმა ბერძნებმა, სუნამოსთვის განკუთვნილი ჭურჭლის ხელით მოხატვა დაიწყეს. რომში საფუძველი ჩაეყარა კეთილშობილი ლითონებისგან დამზადებული ფლაკონის ძვირფასი ქვებით მოჭედვის ხელოვნებას, რასაც მოგვიანებით კიდევ უფრო სრულყოფილი სახე მისცეს ევროპელებმა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ამგვარმა ჭურჭელმა სამკაულის ფუნქციაც კი იტვირთა, განსაკუთრებული ღირებულებისა და სილამაზის გამო.

მეჩვიდმეტე საუკუნიდან, ფლაკონის დამზადების ხელოვნება ახალ ეტაპზე გადავიდა. დაიწყეს ისეთი მასალების გამოყენება, როგორიცაა ძვირფასი ლითონი, ბროლი, შუშა და ფაიფური. ევროპის რამდენიმე ქვეყანაში კი წარმოების სპეციალური პუნქტებიც გაჩნდა, სადაც სუნამოს ჭურჭლის დიზაინს გამოცდილი ხელოვანები ქმნიდნენ. პომპეზურობის განცდა მეცხრამეტე საუკუნის დასასრულისკენ თითქმის გაქრა – Art Nouveau-ს ეპოქამ საგრძნობი გავლენა მოახდინა პარფიუმერიის ჭურჭელზეც. ფლაკონმა, როგორც სამკაულმა, აქტუალობა დაკარგა და ის ბროლის დახვეწილმა, ყვავილებით მოხატულმა ჭურჭელმა შეცვალა.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, სუნამოს ბოთლის დიზაინი საოცრად მრავალფეროვანი გახდა – დაიწყო ფლაკონის ფორმებთან დაკავშირებული ექსპერიმენტების დაუსრულებული პროცესი. ამავე დროს, პირველად შეიქმნა სუნამოს ბოთლი გარედან მიმაგრებული სპეციალური შესასხურებელი მოწყობილობით, რომელიც დღეს უკვე ვინტაჟთან აღძრავს ასოციაციას.

მიუხედავად იმისა, რომ უძველესი ექსპონატები მნახველში აღფრთოვანებას იწვევს მდიდრული გარეგნობით და ერთგვარ იუველირულ შედევრებსაც კი წარმოადგენს (მსგავსი ექსპონატების ნახვა ბევრ მუზეუმში შეიძლება, თუნდაც პარიზის ფრაგონარის პარფიუმერიის მუზეუმში), მეოცე საუკუნე მაინც ფლაკონის ხელოვნების ოქროს ხანად შეიძლება ჩაითვალოს. უმეტესწილად, ალბათ, მაინც Baccarat-ისა და Lalique-ის შესანიშნავი მემკვიდრეობის გამო. არა მხოლოდ საინტერესო დიზაინის, არამედ, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ხარისხის დამსახურებაა, რომ დღეს მათი პატარა ფლაკონები, ყოველგვარი სურნელოვანი შიგთავსისა თუ ძვირფასი თვლების გარეშე, ასეულობით და ათასობით დოლარიც კი ღირს და კოლექციონერების გამუდმებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისის გეომეტრიული და კლასიკური ფორმები Jean Patou-სა და Chanel-ის ესთეტიკასთან ასოცირდება, 50-იანებიდან სუნამოს ჭურჭლის დიზაინში მეტი კრეატიულობა ჩნდება. ეს ბუნებრივიცაა, დეპრესიის წლების და მსოფლიო ომის პერიოდიდან გამომდინარე, რომელმაც ამ ხელოვნების ევოლუციის ტემპი საგრძნობლად შეასუსტა. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუქს კლასის ბრენდებმა ბოთლის დიზაინის შესაქმნელად ცნობილი ხელოვანების მოწვევაც კი დაიწყეს. ამ ეპოქის სულს შესანიშნავად გადმოსცემს სალვადორ დალის გაფორმებული ფლაკონები, მაგალითად, Schiappareli – Le Roy Soleil...

Lalique
დახვეწილი ფორმები და ძვირფასი მასალა 80-იანებიდან უკვე რარიტეტული გახდა იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად პარფიუმის დემოკრატიზაცია მოხდა. ის უკვე აღარ წარმოადგენდა მაღალი ფენის ადამიანთა პრივილეგიას, ამასთან, წინ წამოიწია პრაქტიკულობამ. იქიდან გამომდინარე, რომ სუნამომ ტუალეტის მაგიდიდან ქალის პატარა ზომის ჩანთაში გადაინაცვლა, აქტუალური გახდა ბოთლი შიგნით ჩამონტაჟებული პულვერიზატორით. ფლაკონის „ურბანიზაცია"ამით არ დასრულებულა – ლითონისა და პლასტმასის მასალა, უტილიტარისტული ფორმები... Lalique-ისთვის დამახასიათებელი ფუფუნება იოლად ჩაანაცვლა იაფფასიანმა დიზაინმა, რომელიც შამპუნის ბოთლთან უფრო ასოცირდებოდა, ვიდრე ლუქს კლასის პროდუქტთან. უნისექსის პოპულარობამ ფლაკონების ვიზუალურ მხარეზე კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა და მაქსიმალურ მინიმალიზმს მისცა გასაქანი.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, სუნამოს ბოთლის დიზაინის განვითარების პროცესი მაინც ძალიან წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. ამის დასადასტურებლად თუნდაც სერჟ მანსოსა და პიერ დინანის სახელების ხსენებაც საკმარისი იქნება. ამჟამინდელი ეპოქის დამსახურება კი ისაა, რომ ბოთლის ორიგინალური დიზაინისა და სწორი ბრენდინგის წყალობით, თითქმის ყველას შეუძლია ერთი შეხედვით იცნოს Kenzo-ს Flower, Dior-ის J'adore, Guerlain-ის Idylle...

გასული საუკუნეების ექსკლუზიურობის მომენტი კი წარსულში დარჩა. უნიკალური ბოთლი, რომელსაც ყელსაბამზე ჩამოკიდებულს ატარებდი და ნებისმიერი სასურველი სითხით შეავსებდი, ასევე ისტორიის კუთვნილებაა. მასობრივი წარმოება არტიზანული ხელოვნების წინააღმდეგ ბრძოლაში, ცხადია, გამარჯვებული დარჩა, თუმცა სწორედ ოცდამეერთე საუკუნეში, როდესაც ექსკლუზიურობის კრიზისი თავად პარფიუმერიას შეეხო, ბოთლის დიზაინი მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად მთავარ იარაღადაც იქცა. Niche ბრენდები კი ჭურჭელს მინიმალურ ყურადღებას უთმობენ და აქცენტს შიგთავსზე აკეთებენ. ასევე იქცევიან ცნობილი კომპანიებიც (მაგალითად, Dior და Chanel), როდესაც სუნამოების ექსკლუზიურ, ლიმიტირებულ ხაზს ქმნიან.

ვიზუალური სილამაზის მოყვარულ კინესთეტებს კი ისღა დარჩენიათ, ვინტაჟური, ექსკლუზიური ბოთლების შეძენაზე თავად იზრუნონ და საყვარელი არომატიც, მასში მოთავსებით, ანონიმად აქციონ. როგორც ძველად, არამარკეტინგულ ეპოქაში...

 

Georgian
სუნამოარომატისუნამონინა ახლოური: სამოსი არომატისთვისninagoreckiაგვისტო, 2013ArticleLifestyleDon't displayNobottomBefore article text

როგორ შევიყვაროთ კინო 2014 წელს

$
0
0

2014 წელს კინოში დიდი წელი უნდა იყოს. კინოს უბრუნდებიან ძმები დარდენები, ახალ ფილმს იღებს თითქმის ყველა საინტერესო თანამედროვე ამერიკელი რეჟისორი. ნოა ბაუმბაჰი ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს, წლების შემდეგ პირველად, ტიმ ბარტონი გადაიღებს ფილმს, სადაც ჯონი დეპი არ თამაშობს. ჯონა ჰილი, სეტ როგენი და სამეგობრო ახალი კომედიით დაბრუნდებიან, მაიკლ ფასბინდერი მაკბეტს ითამაშებს, ქამბერბაჩი ალან ტიურინგი იქნება. ლინკლეიტერი, დევიდ ო. რასელი, მაიკლ მანი, დევიდ კრონენბერგი, „ცხოველთა სამეფოს” რეჟისორი დევიდ მიჩო ახალი ფილმებით ბრუნდებიან. მაყურებელი ტრიერის „ნიმფომანის” ხილვას შეძლებს. ამასთან ერთად, მრავალწლიანი შესვენების შემდეგ, პიტერ ბოგდანოვიჩი და როი ანდერსონი ახალ პროექტებზე მუშაობას იწყებენ, რომლებსაც სავარაუდოდ მომავალ წელს ვიხილავთ.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე საინტერესო პროექტს, რომელიც 2014 წელს გამოვა.

10. მელიებზე მონადირე

(კანის, ვენეციის ან ტორონტოს კინოფესტივალი) ყოველ წელს გამოდის მინიმუმ ერთი ფილმი, რომელსაც გრძნობ „კინო-გუმანით”, რომ ძალიან კარგი უნდა იყოს. 2014 წელს ასეთი ფილმი ბენეტ მილერის „მელიებზე მონადირეა”. „მანიბოლისა” და „კაპოტეს” რეჟისორის ახალი პროექტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ის ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონის მარკ შულცის, მისი „შიზოფრენიკი” მწვრთნელის ჯონ დუ პონტისა და მარკის უფროსი ძმის, დეივ შულცის გარშემო ვითარდება. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ და რატომ მოკლა დუ პონტმა დეივი.

„მელიებზე მონადირე” 2013 წლის ბოლოს უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი რელიზი გადაიდო და ახლა ფილმს კარგი შანსი აქვს, მომავალი წლის კინოფესტივალების ფავორიტად იქცეს. ტრეილერში სტივ კერელი ყველა ეპიზოდში შთამბეჭდავია და თუ გავითვალისწინებთ მის პერსონაჟს (დუ პონტს სწორედ ის თამაშობს), კომიკოსს კარგი შანსი აქვს, მინიმუმ ოსკარის ნომინაციას გამოკრას ხელი. კერელის გარდა, ფილმში მთავარ როლებს ჩანინგ ტატუმი და მარკ რაფალო ასრულებენ.

9. ჯიმის დარბაზი

(დიდი ალბათობით, კანის კინოფესტივალი) „ჯიმის დარბაზი” კენ ლოუჩის ბოლო ფილმი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ინგლისელი რეჟისორის თქმით, ის მხატვრული კინოს გადაღებას აღარ აპირებს. ფილმების – „კესი”, „ჩემი სახელია ჯოუ”, „ანგელოზთა წილი” შემქმნელი ბრიტანული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა, რომლის ნებისმიერი პროექტი კინომოყვარულის ინტერესს უნდა იმსახურებდეს. „ჯიმის დარბაზი” მეოცე საუკუნის ირლანდიელ პოლიტიკურ აქტივისტზე, ჯიმი გრალტონზე მოგვითხრობს. ფილმის სიუჟეტზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა საჭირო არცაა, უბრალოდ იმედი ვიქონიოთ, რომ ლოუჩმა თავის ბოლო ფილმად საინტერესო პროექტი აირჩია და კინოდან თავაწეული წავა.

Nymphomaniac ფოტო: Central Partnership
8. ნიმფომანი

(6 მარტი) ამ ფილმს ბევრი საუბარი არ სჭირდება. რეჟისორის სახელი, ფილმის ტრეილერი და მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მისი ნახვის სურვილი თითქმის ყველა კინომოყვარულს გასჩენოდა. ლარს ფონ ტრიერი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური რეჟისორია. მისი ფილმების გარშემო ხმაურის მატებასთან ერთად, ნამუშევრების ხარისხი სულ უფრო ეცემა. „ეპიდემიის”, „ევროპისა” და „იდიოტების” რეჟისორი, მოძრაობა დოგმა 95-ის სულისჩამდგმელი, დღემდე ევროპელი რეჟისორების ოლიმპოზე ზის, თუმცა ერთი ფეხის დაცდენა და მის ადგილს სხვა, იმედისმომცემი ხელოვანი დაიკავებს. ასე რომ, იმედი დავიტოვოთ, „ნიმფომანი” პორნოფილმი კი არა, ტრიერის მორიგი უცნაური კინოფანტაზია იქნება, ისეთი, როგორსაც კინოოსტატი 90-იან წლებში იღებდა.

7. ლევიათანი

(კანის ან ვენეციის კინოფესტივალი)ანდრეი ზვიაგინცევი ერთ-ერთი საუკეთესო რუსი რეჟისორია. მისი სამივე ფილმი „ელენა”, „განდევნა” და „დაბრუნება” თანამედროვე არტ-ჰაუსის ღირსეული წარმომადგენლები არიან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ვენეციისა და კანის კინოფესტივალების ჯილდოები მოიპოვეს.

„ლევიათანის” სიუჟეტი თანამედროვე ეპოქაში, გამოგონილ ქვეყანაში, რამდენიმე პერსონაჟის გარშემო განვითარდება და რეჟისორთან დაახლოებულ პირებს თუ დავუჯერებთ, ამბიციური პროექტია ადამიანის შინაგან სამყაროზე. რაზეც არ უნდა იყოს ფილმი, ზვიაგინცევი ნამდვილად იმსახურებს კინომაყურებლის ყურადღებას.

Noah ფოტო: Paramount Pictures
6. ნოე

(28 მარტი)დარენ არონოვსკიმ მიაღწია იმას, რასაც ერთეული რეჟისორები ახერხებენ. მან ოცნების პროექტისთვის სასურველი ბიუჯეტი მიიღო და საბოლოო მონტაჟზე უფლება მოიპოვა – ანუ „ნოე” ზუსტად ისეთი იქნება, როგორც ეს ფილმების „პი”, „შადრევანი” და „შავი გედის” რეჟისორს სურს და არა ისეთი, როგორც პროდიუსერებს უფრო მისაღებად მიაჩნიათ.

„ნოე” ბიბლიური წარღვნის არონოვსკისეული ვერსია იქნება და თუ გავითვალისწინებთ რეჟისორის ფანტაზიას, შესაძლებლობებს, პრეტენზიულობასა და ეგოიზმს, ეს პროექტი შეიძლება უდავო შედევრი გამოვიდეს, ან აბსოლუტური ნაგავი აღმოჩნდეს, რომელიც კინოკომპანიისთვის კატასტროფად, არონოვსკისთვის კი სახელის გაფუჭების მიზეზად იქცევა.

ფილმის ტრეილერი არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა ვენდოთ რეჟისორის სახელს და იმედი ვიქონიოთ, რომ წინ სასიამოვნო სანახაობა გველოდება.

5. ორი დღე, ერთი ღამე

(დიდი ალბათობით, კანის კინოფესტივალი)რა მნიშვნელობა აქვს, რაზე იღებენ ფილმს დარდენები. ჟან-პიერმა და ლუკმა რასაც არ უნდა მოკიდონ ხელი, ყველაფერს ოქროდ აქცევენ. „ბიჭუნა ველოსიპედით”, „ვაჟი”, „ლორნას მდუმარება”, „როზეტა”, „ბავშვი”, „პირობა” – მათი ყველა ნამუშევარი ნამდვილი კინოზეიმია. „ორი დღე, ერთი ღამე” ოდნავ განსხვავებული ფილმი იქნება. განსხვავებული იმიტომ, რომ, როგორც წესი, დარდენებთან მთავარ როლს უცნობი მსახიობი ასრულებს ხოლმე, აქ კი ეკრანზე მარიონ კოტიარის ნახვას შეძლებთ, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით გამოწვეულ პრობლემებს უნდა შეეჭიდოს. ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ძმებმა ამ „პრობლემასთან გამკლავება” ვერ შეძლონ და მორიგი ძალიან კარგი ფილმი არ გადაიღონ.

„ორი დღე, ერთი ღამე” თუ კანის კინოფესტივალისთვის გამზადებული იქნება, მას აუცილებლად ვიხილავთ საკონკურსო პროგრამაში, რადგან კანი ის ადგილია, სადაც ძმები დარდენები ყველზე მეტად უყვართ და აფასებენ. 

4. დაკარგული გოგონა

(3 ოქტომბერი)„დაკარგული გოგონა” ჯილიან ფლინის ამავე სახელწოდების ნოველის კინოეკრანიზაციაა, რომელიც ნიკ დიუნის ისტორიას მოგვითხრობს. დიუნის ამბავი ფსიქოლოგიური დრამაა, რომლის დროსაც შეუძლებელია ზუსტად გამოიცნოთ ფინალი, მოკლა თუ არა მთავარმა პერსონაჟმა თავისი მეუღლე. როდესაც საუბარი დეტექტიურ თრილერზეა, საუკეთესო ვარიანტი რეჟისორის სავარძელში დევიდ ფინჩერია. ადამიანი, რომელიც ახლა წარმატების ზენიტში იმყოფება და მისთვის ყოველი ახალი პროექტი გამოწვევაა, რათა რაღაც ახალი და განსხვავებული თქვას ამერიკულ კინოში. ისე, როგორც ეს „შვიდისა” და „სოციალური ქსელის” შემთხვევაში გააკეთა.

„დაკარგული გოგონა” მომავალი ოსკარების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი შეიძლება იყოს. ამისთვის ფინჩერმა იმაზე უფრო მეტად უნდა მოინდომოს, ვიდრე „გოგონა დრაკონის ტატუთი” შექმნისას, ანუ დიდებულ ვიზუალს პერსონაჟების უფრო ღრმა და საინტერესო განვითარება უნდა დაამატოს.

The Grand Budapest Hotel ფოტო: 20th Century Fox
3. სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

(7 მარტი)ამ ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ჟიურის გრანპრი მოიპოვა. თანამედროვე ამერიკული ინდი კინოს კლასიკოსისთვის ფესტივალებზე გამარჯვება უცხო ხილი არ არის. უეს ანდერსონი ის იშვიათი რეჟისორია, რომელიც წლებია თავის კინოენას არ ღალატობს, ერთ სტილში აკეთებს ფილმებს, რომლებიც, რატომღაც, მაინც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდის. „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტიც” კლასიკური ანდერსონის ფილმი იქნება. უამრავი პერსონაჟით, კაშკაშა ფერებით, რეალისტური ადამიანური ისტორიებით შეკოწიწებული, რომელსაც ნებისმიერი ასაკის მაყურებელი ერთნაირი სიამოვნებით ნახავს, თუმცა სრულიად სხვადასხვა ინტერპრეტაციას მისცემს.

2. ვარსკვლავთშორისი

(7 ნოემბერი)დღეს ჰოლივუდში კრისტოფერ ნოლანზე მოთხოვნადი რეჟისორი არ არსებობს. ყველაზე სასურველი მსახიობისკენ მიმავალ გზაზე კი მეთიუ მაკონაჰიმ წელს სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ჯერ ფილმში „მად” ბრწყინვალედ შეასრულა მთავარი როლი, ამ სტატიის გამოსვლისას, დიდი ალბათობით, „დალასის მყიდველთა კლუბისთვის” ოსკარი ექნება მოგებული და „ნამდვილ დეტექტივებში” ფენომენალური პერსონაჟი შექმნა. ნოლანმა კი თავის ახალ პროექტში მთავარი როლი სწორედ მას მიანდო. „ვარსკვლავთშორისი” „დასაწყისის”, „მემენტოსა” და ბეტმენის ტრილოგიის რეჟისორის გასაიდუმლოებული პროექტია, რომელზეც ბევრი არაფერია ცნობილი. ნოლანს უყვარს, როდესაც არაინფორმირებული მაყურებელი კინოში მიდის და იქ სიამოვნებას განიცდის. ამ საქმეში რეჟისორს ბადალი არ ჰყავს. ცნობილია ის, რომ ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკა იქნება და მოგვიყვება ადამიანის კოსმოსში მოგზაურობაზე. დანარჩენს რაც შეეხება, ნოლანის ოსტატობის იმედზე უნდა ვიყოთ, რეჟისორს მაყურებლისთვის იმედები არასოდეს გაუცრუებია.

Inherent Vice ფოტო: Warner Bros.
1. Inherent Vice

(სავარაუდოდ, კანის კინოფესტივალზე)კითხვაზე, ვინ არის თანამედროვეობის საუკეთესო რეჟისორი, ჩემი პასუხი პოლ ტომას ანდერსონი იქნება. რეჟისორი, რომელმაც „მაგნოლია”, „ოსტატი”, „აქ სისხლი დაიღვრება” (There will be blood), „ბუგის ღამეები” გადაიღო.

Inherent Vice კრიმინალური შავი კომედია იქნება. ანდერსონის ფილმი კლასიკური ნუარი უნდა იყოს, რაც რეჟისორისათვის ახალი გამოწვევაა და საინტერესოა, როგორ გაართმევს თავს. ნამუშევარი კერძო გამომძიებლის ლარი დოკ სპორტელოს ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც თავისი ყოფილი გელფრენდისა და მისი ახალი შეყვარებულის გაუჩინარების საქმეს იძიებს.

პოლ ტომას ანდერსონმა პროექტში „ოსტატის” ვარსკვლავი ხოაკინ ფენიქსი მიიწვია. მასთან ერთად მთავარ როლებს ჯოშ ბროლინი, რიზ უიზერსპუნი, ოუენ უილსონი და ბენისიო დელ ტორო ასრულებენ. Inherent Vice მორიგი კინოგაკვეთილი უნდა იყოს, რომელსაც ბევრი მოსაწყენ და ერთფეროვან ფილმად აღიქვამს. ისევე, როგორც ეს წინა პროექტების შემთხვევაში ხდებოდა. 

პოპკორნ-კინო

დატვირთული წელი იქნება პოპკორნ კინოშიც, სადაც განსხვავებით წინა წლებისგან, მეტი ახალი პროექტი და პოტენციური ფრენჩაიზი იწყება. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი მარველის კომიქსების მოტივებზე გადაღებული ფილმი „გალაქტიკის გუშაგებია”.

წარმოგიდგენთ ხუთ ბლოკბასტერს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.

Sin City: A Dame to Kill For ფოტო: Dimension Films
5. ცოდვის ქალაქი: ქალი, რომლისთვისაც მკვლელობა ღირს

(22 აგვისტო)როგორც იქნა! ხუთ წელზე მეტია, რობერტ როდრიგესი და ფრენკ მილერი ფილმ „ცოდვის ქალაქის” გაგრძელების გადაღებას აპირებენ. სხვადასხვა მიზეზის გამო, პროექტი გაჭიანურდა და დღის სინათლეს მხოლოდ წელს, აგვისტოში იხილავს. „ცოდვის ქალაქი: ქალი, რომლისთვისაც მკვლელობა ღირს” ფრენკ მილერის გრაფიკული ნოველების მიხედვით იქნება გადაღებული და იმედია, როდრიგესი ამჯერადაც პირველწყაროს ერთგული დარჩება და სიქველი კვლავაც ვიზუალურად მიმზიდველი, სხარტი დიალოგები/მონოლოგებით გაჯერებული, სისხლიანი გამოვა. „ცოდვის ქალაქ ორში” მიკი რურკის, როზარიო დოუსონის, ჯესიკა ალბას, ბრიუს უილისის პერსონაჟები დაბრუნდებიან, მათთან ერთად კი ახალი გმირები გამოჩნდებიან.

4. ტრანსცენდენტურობა

(18 აპრილი)„ტრანსცენდენტურობა” საინტერესო რამდენიმე მიზეზის გამოა. 1) ფილმის რეჟისორი უოლი პფისტერია. ადამიანი, რომელიც კრისტოფერ ნოლანის დიდი ხნის მეგობარი და მისი ნამუშევრების ოპერატორია. პირდაპირ რომ ვთქვათ, ფილმი ვიზუალურად ძალიან კარგი უნდა იყოს. 2) „ტრანსცენდენტურობის” სცენარი 2012 წლის ე.წ. ჰოლივუდის შავ სიაში მოხვდა. ამ სიაში კი ყოველ წელს ის საუკეთესო სცენარები ხვდება, რომელთა დაფინანსებაზეც ჰოლივუდმა უარი თქვა. 3) ნამუშევრის სინოფსისი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება და შეიძლება საინტერესო სამეცნიერო ფანტასტიკა ვიხილოთ. ფილმის სიუჟეტი პროფესორ უილ ქასთერზე მოგვითხრობს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობს, თუმცა ტექნოლოგიის განვითარების წინააღმდეგ მებრძოლი ექსტრემისტები მას თავს ესხმიან. ქასთერი კომაში ჩავარდება, მეუღლისა და მეგობრის დახმარებით კი ექსპერიმენტის ნაწილი გახდება. მისი ტვინიდან აღებული მონაცემებით ქასთერს კომპიუტერში გააცოცხლებენ, თუმცა მთავარი პრობლემებიც სწორედ აქ იწყება.

P.S. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს, ეს კი ნამდვილად ცუდის ნიშანია. ბოლო წლებში ეს მსახიობი ერთმანეთზე უარეს პროექტებში მონაწილეობს და ერთ-ერთ ყველაზე ერთფეროვან არტისტად ჩამოყალიბდა, რომელიც წლებია, ყველგან ჯეკ ბეღურას როლს ასრულებს.

3. გამოსვლა

(12 დეკემბერი)„გამოსვლა” ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილი ეპიკური ფილმი უნდა იყოს. რიდლი სკოტი, სულ ცოტა, ამას ჰპირდება მაყურებელს. ამბავი მოსეზე მოგვითხრობს, რომელიც ებრაელებს ეგვიპტელების მონობისგან გაათავისუფლებს. ფილმი ბიბლიის მეორე წიგნის პირდაპირი ეკრანიზაცია არ იქნება და რიდლი სკოტისეული ინტერპრეტაცია უნდა გამოვიდეს, ეს კი ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

რაც უნდა ჩავარდნა ჰქონდეს რიდლი სკოტს, მისი ყოველი ახალი პროექტი მაინც საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ფილმში მთავარ როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. მის გარდა კი, პროექტში აარონ პოლი, ბენ კინგსლი, ჯოელ ეჯერტონი, ჯონ ტურტურო და სიგურნი უივერი მონაწილეობენ.

X-Men: Days of Future Past ფოტო: Twentieth Century Fox
2. იქს ადამიანები: მომავლის წარსული დღეები

(23 მაისი)„იქს ადამიანები: პირველი კლასი” კარგი პოპკორნ ფილმი იყო. მეთიუ ვონმა ერთ-ერთი საუკეთესო კომიქსების ეკრანიზაცია გადაიღო და პროექტი დატოვა. მისი ადგილი კი ბრაიან სინგერმა დაიკავა, რომელიც ძველი „იქს ადამიანების” სულისჩამდგმელია და რომელსაც ყველაზე კარგად ესმის „მუტანტების თემა”. „მომავლის წარსული დღეები” როგორც ძველ, ასევე ახალ გმირებს გააერთიანებს. ერთ ფილმში საშუალება გექნებათ როგორც იან მაკელენის, ასევე მაიკლ ფასბინდერის მაგნიტო, ჯეიმს მაკევოისა და პატრიკ სტიუარტის პროფესორი იქსი იხილოთ. ფილმის სიუჟეტი შორეულ მომავალსა და წარსულში ერთდროულად განვითარდება. მთავარი გმირების ამოცანაა შეცვალონ მომავალი, სადაც მუტანტებს განადგურება ემუქრებათ.

1. ჰობიტი: იქ და ისევ უკან

(13 დეკემბერი)პიტერ ჯექსონის „ბეჭდების მბრძანებელი” კლასიკაა. „ჰობიტი” კარგი ფენტეზი ფილმი, მეორე „ჰობიტი” სამსაათიანი ტრეილერი, რომელიც ამ მესამე ფილმისთვის გვამზადებს და ჯექსონი უბრალოდ ვალდებულია, ტოლკინის მოყვარულებისთვის, ფენტეზის გურმანებისთვის და უბრალოდ კინომოყვარულთათვის ეპიკური, შთამბეჭდავი დასკვნითი ნამუშევარი გადაიღოს, რომელიც ყველას დაავიწყებს იმას, რომ 300-გვერდიანი წიგნი, რატომღაც, ტრილოგიად გადაიღეს. ეს ერთგვარი ბოდიში იქნება მაყურებლისთვის, რომელიც „ჰობიტი ორით” გაწბილებული დარჩა.

„ჰობიტის” დასკვნით ნაწილში ფილმის მთავარმა გმირებმა დრაკონი სმაუგი უნდა დაამარცხონ, ნეკრომანსერს დაუპირისპირდნენ და შუამიწეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა.

ის, რაც 2013 წელს ვერ ვნახეთ

ყოველ წელს არაერთი ფილმი გამოდის, რომლის დაუსრულებელ ვერსიას რომელიმე კინოფესტივალზე აჩვენებენ ან უკვე საბოლოოდ გამზადებული პროექტის გამოსვლის თარიღი მომდევნო წელს გადადის. 2013-ში საკმაოდ ბევრი მსგავსი საინტერესო პროექტი გამოვიდა, რომელიც კინომაყურებლის ყურადღებად ღირს და სასურველია, ვნახოთ.

წარმოგიდგენთ ხუთ საუკეთესო ფილმს, რომლის ოფიციალური რელიზის თარიღი 2013 წელია, თუმცა შარშან მისი ნახვა მხოლოდ „რჩეულებმა” მოახერხეს.

Zero Theorem ფოტო: Amplify
5. ნულოვანი თეორემა

(წლის პირველ ნახევარში)ოდესღაც ტერი გილიამი „მეფე მეთევზე იყო”, „ბრაზილიაში ცხოვრობდა”, „12 მაიმუნი ჰყავდა” და „მონტი პითონის” შემქმნელებთან მეგობრობდა. გავიდა დრო, გილიამი ყველაზე უიღბლო რეჟისორად იქცა, რომელსაც არასოდეს არაფერში უმართლებს. მისი ყველა პროექტი ნამდვილ კატასტროფად იქცევა ხოლმე, გადაღებების დროს მუდამ პრობლემებია, რომელიც შემდეგ ნამუშევარზეც აისახება.

„ნულოვანი თეორემა” ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც რეჟისორმა ისე გააკეთა, დიდი შეფერხებები არ ჰქონია. იმედი ვიქონიოთ, სამეცნიერო ფანტასტიკაში დაბრუნება მასზე დადებითად იმოქმედებს და ოდესღაც დიდი რეჟისორი საკუთარ სახელს დაიბრუნებს.

4. ორეული

(4 აპრილი)რიჩარდ აიოადი კინოში ფილმ „წყალქვეშა გემით” გამოჩნდა. რომანტიკული, თინეიჯერული დრამა ორიგინალური, ინდი ნამუშევარი იყო, კარგი მუსიკალური გაფორმებით და ნიშნებით, რომ აიოადის სახით გამოჩნდა რეჟისორი, რომელსაც თვალყური უნდა ვადევნოთ.

შარშან აიოადი ხმაურით დაბრუნდა. სახიფათო პროექტს მოკიდა ხელი და საინტერესოა, რა გამოუვიდა. „ორეული” დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმია, რომლის მთავარი პერსონაჟიც საიმონია (ჯესი ეიზენბერგი). ის დეპრესიული ტიპია, რომელსაც სამსახურში არ უმართლებს, დედასთან საშინელი ურთიერთობა აქვს, ოცნების ქალს არ აინტერესებს და, რაც ყველაზე ცუდია, არ აქვს ნებისყოფა, რამე შეცვალოს. ყველაფერი ღამის კოშმარს ემსგავსება, როდესაც მის ცხოვრებაში ჯეიმსი გამოჩნდება. მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად სწორედ მისი ანალოგია და ბედის ირონიით, საიმონის ყველა მინუსი მისი ძლიერი მხარეა. აიოადის ფილმს სხვადასხვა ფესტივალზე ძალიან კარგი გამოხმაურებები ჰქონდა და დოსტოევსკის კლასიკური ნაწარმოების ღირსეული კინოეკრანიზაცია უწოდეს.

Enemy ფოტო: Rhombus Media
3. მტერი

(6 თებერვალი) 2013 წელს დენის ვილნევმა ჰოლივუდის კარი ხმაურიანად შეაღო. მისი ფილმი „ტუსაღები” მაყურებელმა და კრიტიკოსებმა ძალიან თბილად მიიღეს, მეორე ნამუშევარი „მტერი” კი ჯერ თითქმის არავის უნახავს, რადგან ოფიციალური რელიზი წელს აქვს. ვილნევის ორივე პროექტი ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენეს. რეჟისორი ჰიჩკოკისა და ლინჩის ჰიბრიდია. ფილმში ატმოსფერო, განათება, მუსიკა, პერსონაჟების განვითარება და სიუჟეტის ხაზი, სწორედ ამ რეჟისორების ნამუშევრებს გაგახსენებთ. „მტერი” ჟოზე სარამაგოს ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა. ისევე, როგორც „ტუსაღების” შემთხვევაში, აქაც მთავარ როლს ჯეიკ გილენჰაალი ასრულებს. მისი პერსონაჟი ტელევიზორში თავის ორეულს ნახავს, დოპელგანგერს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს.

ვილნევი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ მისი მორიგი პროექტი ვნახოთ.

2. ჩემს კანქვეშ

(4 აპრილი)ჯონათან გლეიზერის ახალ ფილმს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. კინოკრიტიკოსთა ნაწილი ნამუშევარს პრეტენზიულს და პათოსით გაჟღენთილს უწოდებს, მეორე ნაწილის აზრით კი, „ჩემს კანქვეშ” იშვიათი ნამუშევარია, რომელიც თავისი ორიგინალურობითა და ოსტატური რეჟისურით ძლიერი სიურრეალისტური ფილმია. ერთადერთი, რაზეც ყველა შეთანხმდა, სკარლეტ იოჰანსონის შთამბეჭდავი პერფორმანსია, რომელიც მის კარიერაში საუკეთესოა.

„სექსუალური ურჩხულის” რეჟისორის ახალი ნამუშევარი დრამაა უცხოპლანეტელზე, რომელიც დედამიწაზე მაყურებლისთვის უცნობი მიზნებით ჩამოვიდა. მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როდესაც შემთხვევით ერთ ადამიანს გაიცნობს და მოგზაურობას ადამიანის შინაგან სამყაროში დაიწყებს.

Snowpiercer ფოტო: Moho Films
1. Snowpiercer

(წლის მეორე ნახევარში) XXI საუკუნის კინოში ბონგ ჩჟუნ ჰო ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორია, რომელსაც თავისი უნიკალური სტილი აქვს და ვისთვისაც არ არსებობს (ჯერჯერობით) ჟანრი, სადაც თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბონგ ჩჟუნ ჰოს ფილმი „მკვლელის მოგონებები” საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო დეტექტიური დრამაა, რომელიც ბოლო 20-30 წელიწადში დიდ ეკრანებზე გამოსულა. სწორედ მისი გადაღებულია The Host, კორეული შავი კომედია, რომელიც ჟანრის კლასიკაა.

ბონგ ჩჟუნ ჰოს ახალი ნამუშევარი Snowpiercer სამეცნიერო ფანტასტიკაა, რომელიც ახლო მომავალში მომხდარ ტექნოლოგიურ კატასტროფაზე მოგვითხრობს. კატასტროფის შემდეგ დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი ხდება, კაცობრიობა განადგურების წინაშე დგას. სიცოცხლე მხოლოდ მატარებელშია, რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს წრეზე. პირველ ვაგონში ელიტა ფუფუნებაში ცხოვრობს, ბოლო ვაგონებში კი ეპიდემია და სიღარიბე მეფობს. რევოლუცია გარდაუვალია. Snowpiercer ჯერ კიდევ შარშან უნდა გამოსულიყო, თუმცა ფილმის ამერიკული რელიზი გაჭიანურდა, მიზეზი ძმები ვაინშტაინები გახდნენ, რომლებიც ნამუშევრის საბოლოო ვერსიიდან 20 წუთის ამოღებას ითხოვენ, ჩჟუნ ჰო კი ამის სასტიკი წინააღმდეგია. გადაწყდა, რომ ევროპასა და აზიაში ფილმის რეჟისორისეული ვერსია გამოვა, ხოლო აშშში – ვაინშტაინების დამონტაჟებული. ყველას გირჩევთ ბონგ ჩჟუნ ჰოს ვერსია ნახოთ, ის, რომელიც უფრო გრძელი და სრულყოფილი იქნება, ვერსია, რომელმაც კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებები და შემდეგი სიტყვები დაიმსახურა – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო ფანტასტიკა.

P.S.რეჟისორების მაიკლ ლი, ჟან იმოუ, ტომას ვინტერბერგისა და როი ანდერსონის ნამუშევრები 2014 წელს გამოვა. სტატიის წერის დროს ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ეს რეჟისორები (მაიკლ ლი და ვინტერბერგი მაინც) ამ სიაში აუცილებლად მოხვდებოდნენ.

Georgian
კინო2014ნიმფომანიჰობიტისასტუმრო გრანდ ბუდაპეშტიიქს-ადამიანებიტრანსცენდენტურობაკინონიკა ესებუა: როგორ შევიყვაროთ კინო 2014 წელსNika Esebuaმარტი, 2014ArticleCultureLifestyleDon't displayNoBefore article text

ბილ გეიტსი - Microsoft-იდან კონტრაცეპციამდე

$
0
0

1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსმა Microsoft-ი დააარსა და  შემდეგი 25 წელი ამ კომპანიის მართვას მიუძღვნა. სწორედ Microsoft-თან ასოცირდება ბევრი ადამიანისთვის მისი სახელი, თუმცა გეიტსმა კომპანიის მართვას თავი 2000 წელს დაანება, დირექტორთა საბჭოს წევრის სტატუსი კი 8 წლის შემდეგ დათმო და დღეს, შეიძლება ითქვას, არავითარი კავშირი არ აქვს კომპანიასთან, რომელმაც მას სიმდიდრე და სახელი მოუტანა.

Microsoft-ის CEO-ს პოსტის დატოვების შემდეგ ბილმა თავის ცოლ მელინდასთან ერთად კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია B&MGF (Bill & Melinda Gates Foundation) დააარსა და  უმთავრესი ყურადღება სწორედ ამ საქმიანობას დაუთმო.

2014 წლის მონაცემებით, გეიტსმა, როგორც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, რა სტატუსიც ბოლო 20-დან 15 წლის განმავლობაში სწორედ მას ეჭირა, ქველმოქმედებას სიცოცხლის განმავლობაში ჯამში 26 მილიარდი დოლარი მოახმარა. შეგახსენებთ, რომ მისი ქონება დღესდღეობით 76 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

საქველმოქმედო ორგანიზაციის ფარგლებში ბილი მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა აფრიკას და დიდ თანხებს გზავნიდა აფრიკელი ბავშვების დასახმარებლად. მხოლოდ ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად მისმა ორგანიზაციამ 1.2 მილიარდი გამოყო 2012 წელს. თუმცა ბოლო პერიოდში გეიტსის ყურადღება ადამიანთა გამრავლებამ და იმ პრობლემამ უფრო მიიქცია, რაც ამ მხრივ არსებობს.

პირველი ინიციატივა ამ მხრივ კანის მსგავსი პრეზერვატივის შექმნა იყო, რომელიც სექსს უფრო სასიამოვნოს გახდიდა. ბილის და მელინდას ფონდმა ამ მიზნის შესასრულებლად ვოლონგოგის უნივერსიტეტს, რომელიც ავსტრალიაში მდებარეობს, 100 000 დოლარი გამოუყო.

მკვლევრები ამ პროექტის ფარგლებში მუშაობენ ლატექსის ალტერნატიულ მასალაზე, რომელსაც ჰიდროგელი უწოდეს, რომელიც ნამდვილი კანის შთაბეჭდილებას ტოვებს.  

ერთადერთი უმთავრესი ინოვაცია რეპროდუქციის კონტროლის სფეროში, რომლის უკან სწორედ B&MGF დგას, არის დისტანციური ჩიპების შექმნა, რომელიც ქალს საშუალებას მისცემს თავად გადაწყვიტოს, თუ როდის ეყოლოს შვილი. იდეაზე MIT-ის პროფესორები მუშაობენ. მათ მიერ ამ იდეისთვის შექმნილმა კომპანია MicroChips-მა გეიტსების ფონდიდან უკვე მიიღო 4.7 მილიონი დოლარი, თუმცა მათ სხვა დამფინანსებლებიც გამოუჩნდათ და, ჯამში, შეძლეს და გეგმის განსახორციელებლად 26 მილიონი დოლარი მოიპოვეს.

იდეის მიხედვით, 20x20x7 მილიმეტრი ზომის ჩიპი, რომელიც დღიურად 30 მიკროგრამ ლევონორგესტრელს გამოყოფს (კონტრაცეპტივებში გამოყენებული ნივთირება), ქალს კანის ქვეშ დაუმაგრდება.

კონტრაცეპტივების მსგავსი ტექნოლოგიით ჩანაცვლება ბაზარზე დღესაც შეიძლება, თუმცა რაც MicroChips-ის პროდუქციას ასე მიმზიდველს ხდის, არის 2 რამ. პირველი - დღევანდელი ჩიპები დაახლოებით 3 წლის განმავლობაში გამოიყენება. შემდეგ კი გამოუსადეგარია და ჩანაცვლებას საჭიროებს. ახალი ჩიპი კი 16 წლის განმავლობაში იფუნქციონირებს; და მეორე, Microchips-ის მართვა დისტანციურად არის შესაძლებელი, ანუ თუ ქალი ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს, მას უბრალოდ შეუძლია, გამორთოს ჩიპი და მის ორგანიზმში ლევონორგესტრელის გამოყოფაც შეწყდება, რაც მას განაყოფიერების საშუალებას მისცემს. ასე რომ, თუ ახლანდელი ჩიპის დეაქტივაციისთვის საავადმყოფოში მისვლაა საჭირო, ახალი ჩიპის შემთხვევაში ეს პრობლემა აღარ იქნება.

პროდუქტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მკვლევართა აზრით, ტესტირების დასრულების შემდეგ, რაც დაახლოებით 4 წელს გასტანს, Microchips-ი ბაზარზე 2018 წლისთვის გამოჩნდება.

Georgian
ბილ გეიტსიBMGFკონტრაცეპციაახალი ტექნოლოგიებიგიორგი მოდებაძე: ბილ გეიტსი - Microsoft-იდან კონტრაცეპციამდეGiorgi ModebadzeArticleEconomySci-TechLifestyleDon't displayNowhiteBefore article text

სურრეალისტ გენადის მიმართვა მთავრობისადმი!

$
0
0
Georgian

ამხანაგებო, რაღა თქმა უნდა, ვეთანხმები ,,ლედი ლობოტომიასა“ და ,,მეობისა და გაგებისთვის ტრაკდამაშვრალთა“ ფრაქციის წევრებს იმაში, რომ ამ უიმედო გაჭირვებასა და სიღატაკეში ჩაძირული, ოკუპირებული ქვეყნის კონსტიტუციაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა, ჩაიწეროს შემდეგი: ,,ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის!“,– ამაზე უგუნური თუ იდავებს.

კეთილი და პატიოსანიი...

აქვე ვგონებ, უპრიანი იქნება, მივაწეროთ: ,,...და 2+2=4“ – აღნიშნულით, დანარჩენ მსოფლიოს ჩვენ, დამატებით, მივანიშნებთ, რომ ნაწილობრივ მაინც ვრჩებით ,,მომსახურეობის ზონაში“ და მთლიანად ჯერ კიდევ არ გადავშვებულვართ შოზოფრენიისა და მარაზმის უძირო მორევში...

მაგრამ, ამხანაგებოოოო, ფხიზლად უნდა ვიყოთ – ამერიკული ყაიდის ცვედანებსა და ევროპული ჩამოსხმის ლიბერასტებს ჩვენი ცდუნება სწადიათ! ამიტომ, მხოლოდ ეს ,,პალიატიური“ ჩანაწერი, როდი მოგვცემს ,,ლიბერასტული ერესის“ თავიდან აცილების სრულ გარანტიას! რადიკალური ზომებია საჭირო!

წარმოიდგინეთ, კარგი და მოქალაქე Y (იგრეკი) უკნიდან მიუდგა დეიდა X (იქსს)... ან, ღმეთმა ნუ ჰქმნას, კიდევ უფრო დიდი საში-ნე-ლებაა-ააა, ოჰო-ჰო-ჰოიი, საიდან მოდიხარ უბედურებავ! – რომელიმე პარტნიორს აქტის დროს მოშივდა და... დატრიალდება ეროვნული მასშტაბის ,,ჩემი ჩეიდევი“ ტრაგედია!

ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე კონსტიტუციაში შესატანმა ჩანაწერმა, საბოლოოდ, ასეთი სახე უნდა მიიღოს: ,, ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, მხოლოდ ბავშვების კეთების მიზნით, რაც მიიღწევა ერთადერთი მართალი ,,მისიონერული პოზითა“ ან სამედიცნო ჩვენებით, სპეციალური რეცეპტის ნებართვით, თუ მამრის წონა აღემატება 300 კგ, მოსულა – ქალის ,,მხედრული პოზა“...დაა!!! 2+2 კლვავ უდრის 4, ხოლო საჭიროების შეთხვევაში,  შეიძლება 5-საც, ან თუ გული გულობს, ჰადაჰა, იყოს 7 (მეტი არა!)“.

 ვიშიმშილებთ და ვიცხოვრებთ ამ სიღატაკეში, ჩვენ ერთმორწუმუნე ძმასთან სულიერ ერთობაში, მაგრამ უმანკოებას, კდემამოსილებასა და უბიწოებას განსპეტაკებასთან ერთად, მაინც არ დავ-თმო-ბთ-ბთ-ბთ! არაო, არაო ლიბერასტო მატყუარაო!

პირს არ შეიბილწს ქართველი ქალი, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს! ნო პასარან!

დანართში დაცულია ,,ტრაკფრთხილთა“ ასიათასობით ხელმოწერა

 

SocietyLifestyleკონსტიტუციაოჯახიმამაკაცი და ქალი

ლადო, ფრედერიკი და გასპარი

$
0
0
Georgian

ან ფრედერიკი, ლადო და გასპარი. ანდაც გასპარი, ლადო და ფრედერიკი.

სანამ შსს გასპარ ნოეს სიყვარულს გვიკრძალავს, “პორნოგრაფიის აღმოფხვრის” მიზნით, სანახაობა რომ არ მოგვაკლდეს, ახალიც მალეა. აი პი ენი, როგორც ქვეყნის ნომერ პირველი “ღირსეული” საინფორმაციო სააგენტო, პოლიტიკოსს გვთავაზობს სანახაობად. ალბათ ინტერპრესნიუსის რედაქტორებს/უფროსებს სექსი არ აქვთ, ალბათ არც იმ ჟურნალისტებს ჰქონდათ, სანამ წამოვიდოდნენ. ალბათ, ესაა ჟურნალისტობა, იდგე და სხვის სექსს ავრცელებდე. სხვის სექსზე აღიგზნებოდე. ალბათ არა, ეგაა სანახაობა, პურს ჩვენით ვიშოვით. ან ვერ. მთავარია, შსს მშვიდადაა, გასპარ ნოეს სიყვარული “აღმოფხვრეს”.

სანამ ფრედერიკ ბეგბედერი ისე ჩამოდის, რომ მხოლოდ სარდაფიდან შემძვრალ “ელიტას” აქვს მისი ხილვის ბედნიერება და დანარჩენ მოკვდავებს მხოლოდ ბიბლუსის ფანჯრებიდან გვიღებენ ფოტოებს ხალხის რაოდენობით მარიაჟობისთვის, მანამდე უნივერსიტეტში კანცლერს ვერ ირჩევენ, რადგან ბატონი აკადემიკოსი ვლადიმერი, ოდეერი და თვითმმართველობა, დღემდე ვერ ჩამოყალიბდნენ, ვისკენ არიან.

სანამ არკვევენ, მართულია სტუდენტობა თუ მავთულშია ოკუპირებული ტერიტორიები, მანამდე ტყიბულში მეშახტეები იხოცებიან. სანამ ზოგიერთები ითვლიან 50, 100 თუ 200 კაცია გამოსული, მანამდე დანარჩენები ღამეებს ათევენ. სანამ ვიღაცები ვერ თანხმდებიან, ვინ “კრიშავს” უნივერსოტეტში აქციებს, მანამდე კანცლერობის კანდიდატს კითხვებზე პასუხს სთხოვენ. სანამ დერეფანში სხვები ისე დადიან, რომ ვერც კი ამჩნევენ პლაკატებს და სანამ ეზოში ისინი კვლავ “აბიჟავებენ”, როგორც ყოველთვის, მანამდე პეტრე მელიქიშვილის აუდიტორიას არ სძინავს. სანამ მელიქიშვილის შავ-თეთრი ფოტო სტუდენტებს დაჰყურებს, აუდიტორია ნომერ 115-ში სიმშვიდეა. სანამ ბაკურიანის ტრენინგებზე ჩვენს ფულებს ხარჯავენ, ვხვდები, რომ

დიახ, ჯორჯ all animals are equal, but some animals are more equal than others!

მანამდე მოვა უვიზო რეჟიმიც და ვინ იცის, იქნებ აწი სულ ევროპაში დაიხარჯოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი.

სისტემა კვლავ უნდა დაინგრეს!

როგორც ადამიანი არ არსებობს თავისუფლების გარეშე, ისე უნივერსიტეტი არ არსებობს ავტონომიის გარეშე!

PoliticsSocietyLifestyleთსუ16ავტონომიაუნივერსიტეტსფრედერიკ ბეგბედერიგასპარ ნოევლადიმერ პაპავა

პრემიერ-ფანოღის გახსენება...

$
0
0
Georgian

   მეოთხე თვე სრულდება, რაც ჩვენ უკვე ,,ჩვენ” აღარ გვქვია. ის იყო, შენი მხარდამჭერების მძლავრი კუტოკი ჩამოვაყალიბეთ, ის იყო, ფრთები გავშალეთ... და 2015 წლის 23 დეკემბერს თვალთ დაგვიბნელდა – შენ წახვედი... უფრო სწორად კი დაგაპაშოლეს. ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, ,,ფეისბუქის“ ,,კედლები“ აჭრელებული იყო ,,დაშაერებული“ პორტრეტებით, საიდანაც შენი ამაყად მომღიმარე სახე და ჭოტის თვალები გვიმზერდა. ფოტოს, როგორც წესი, შენ მიერ თქმული და შემდეგ, ჩვენს მიერ რუდუნებით ამორჩეული მორიგი ,,სიჭკვიანე“ ამშვენებდა. ო, რა დიდი სიხარულითა და სიძულვილით აღვსილი გულებით გციტირებდით! დღეს კი ყველამ დაგივიწყა... მეც უცებ მიგადე და უკვე ახალ ,,პრემიერ-ამგუგუნებელს“ ვაშეარებ... ხომ იცი, რა მუხანათია ეს წუთისოფელი.

   ცხადია, შენი წასვლით დატოვებულ ტკივილს ვერც ოთხმა თვემ უშველა. სულ თვალწინ მიდგას შენი ზამბარასავით მოჭიმული, უნაყოფო ჭადარივით წარმოსადეგი, მოშრიალე ფიგურა, ზიზღით გასხივოსნებული სახე და იაზვური ღიმილი. ყურში შენი განუწყვეტელი: ,,მადლობა ბატონ ბიძინას!“,– ჩამესმის... ჩემო ჰერაკლიონ, მახსოვს, როგორი აღტკინებით გამოეგელვე, შენი მოღვაწეობის არნახული წარმატებებით აღსავსე წლები შეაჯამე და ,,ნაცებიც“ დაჯიჯგნე... და მოულოდნელად, სულ რაღაც სამ დღეში – შენი დაობლებული მზერა, დაშვებული მხრები და გაფარჩაკების აუტანელი სიმსუბუქე... 

   ...დაუვიწყარი იყო ჟურნალისტების გარეშე, მონო-გამოსვლაც: ,,... თანამდებობები არის დროებითი, ჩემო ძვირფასებო, მარადიული არის მხოლოდ უფალი და სამშობლო. ამიტომ დღეს მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პრემიერ- მინისტრის თანამდებობა...“. ეჰ, მართლაც, რადარებიდან გამქრალო და აწ სრულიად უხილავო, მარადისობაში გადაბარგებულო, ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებით დამთუთქა გული სიტყვებმა: ,,მადლობა ჩემს მეუღლეს ნუნუკას!“... და არცერთი მადლიერების სიტყვა ბატონ ბიძინას?!.. თუმც, რა სიტყვებით უნდა გამოგეხატა მადლიერება – დედას ხომ არ შეაიგინებდი, მაგის ტრაკი ვინ მოგცა?..

   შენ ისე ლოგიკურად დაასრულე გამოსვლა, რომ უკეთ ვერც იტყვი: ,,ჩემი ოცნება არის ძლიერი და ერთიანი საქართელო, ეკონომუკურად წელში გამართული ქართველი ხალხით... ამიტომ მე დღეს ვტოვებ ამ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ჩემი სამშობლოს ერთგულ ჯარისკაცად...“. სიტყვა ,,ამიტომ“, როგორ გავიგოთ, ჰერაკლიონ? ვითომ, შენი წასვლით ჩვენ წელში გავიმართებით?.. ეჰ, ისე გაიმართა წელში, შენი ავადმახსენებელი-თქო, გეტყოდი, მაგრამ, ხომ გსმენია, წასულებზე ცუდს არ ამბობენო...

   ეჰ, ჩემო სიძულვილის ფანოღო, რა ამაყად იდექ და რა უეცრად დაგენძრა. ნეტავ, რა შეიცვალა ასე უცებ?.. რა გითხრა, უნდა გცოდნოდა – ასე გამეტებით და ხელის ერთი მოსმით იმათ იქნევენ, ვისაც ,,ორჯერ გამეორება არ ჭირდება"და საკუთარ ნულოვან ბუნებას ზედმეტი მოჭიმულობით ფარავს... თუმცა, უნდა ვაღიარო, დღესაც შენ მიერ დატოვებული პორნოებით ვსულდგმულობთ. ისე, აზრზე ხარ, თინა გულაობს, შენ კი მოგტეხეს? გახსოვს, რას აგინებდი, იქეთ უპირებდი ,,მო...ნას“ და პირიქით, შენ... ეჰ, სადაა სამართალი, სად?!

   ნახვამდის, ჩემო  ერთგულო ჯარისკაცო, ნახნახად ნახვმადის: ნახი – ნახვამდის შენ და ნახი – გაუ! – ახალ ,,პრემიერ-გუგუნას“.

   აბა ჰე, ჩემო მოჭიმულო, ჩვენს მიერ დანთებული სანთლები და ლოცვა-ვედრება გინათებდეს გზას... ხომ იცი, ნულების რიგს, დიდ და მნიშვნელოვან რიცხვად, მხოლოდ ერთიანი აქცევს. ამიტომ თავი იმით ინუგეშე, რომ ყოველივე წარმავალია – შენსავით უკვალოდ გაქრებიან ეკა და მანჩო, შარშანდელი თოვლივით გაუჩინარდებიან თეა და მეჭია...

   კარგად დაუკვირდი, ამ წინადადებაში მთავარი სიტყვაა – ,,უკვალოდ“, ესე იგი ისე, რომ შემდეგ გავაზე ხელი ვერ წაგავლონ. ასე რომ, ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს ამ განულების პროცესს – თქვენ გაუჩინარდებით მაინც და აღარავის ემახსოვრებით, აი, ერთიანს კი გაქრობა, თანაც უკვალოდ გაუჭირდება...

ამბაკო ,,ჩანერგილი“. 2016 წლის მარტი

PoliticsSocietyLifestyleპრემიერ მინისტრისაქართველო

"რობო საპიენსი "ანუ ჰოლივუდური სცენარი მომავლის ადამიანზე

$
0
0
Georgian

სცენარის ფაბულა დაიწერა სტივენ ჰოკინგის, ქრისტოფერ ნოლანის და პროექტი TEDX-ის გავლენით.

2020 წლის იანვარი. დედამიწა. ნანოტექნოლოგიები და 3D პრინტერი განვითარების უმაღლეს ეტაპზეა რის დახმარებითაც ისეთი კომპანიები როგორებიცაა google, apple, wikipedia, samsung, facebook, nasa, toyota და Boston Dynamics ერთიანდებიან იდეის გარშემო რომ შექმნან მილიონობით ხელოვნური ინტელექტი ვიზუალურად მსგავსი ადამიანისა ხოლო შესაძლებლობებით უმაღლესი დონის, როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივად რათა მოახდინონ მათ მარსის კოლონიზაცია და შექმნან ადამიანთათვის საცხოვრებელი პირობები.

 

2020 წლის ივლისი. დედამიწა. ავსტრალიის დასავლეთით სამშენებლო სფეროს განვითარების დახმარებით მალევე შენდება ქალაქი რომელშიც იწყება ხელოვნური ადამიანების წარმოება. მთელი ის ცოდნა რაც კი კაცობრიობას გააჩნია ზემოაღნიშნული კომპანიების სერვერების დახმარებით თავსება ყოველი ხელოვნური ადამიანის "ტვინში "რომელიც დღევანდელი მონაცემებით ტელეფონის სიმ კარტის ზომისაა.

2023 წლის აგვისტო. დედამიწა. შეიქმნა 25 000 000 ადამიანი რომელთა მონაცემები საგრძნობლად აჭარბებს იმ ნავარაუდებ შესაძლებლობებს რომელსაც ტელევიზიის მეშვეობით აწვდიდნენ მსოფლიო მოსახლეობას. ამ ინფორმაციის გაჟონვა ერთ-ერთმა ფარულად გადაღებულმა ვიდეომ გამოიწვია რომელიც მალევე გავრცელდა Interset-ში ( მომავლის ინტერნეტი რომლის გადაცემაც სინათლის მეშვეობით ხდება ). ამავე წლის 11 სექტემბერს გაეშვა მარსისკენ 23 ხომალდი თითოში მილიონი შექმნილი ადამიანით. დანარჩენ 2 მილიონზე გავრცელდა ინფორმაცია რომ აღმოაჩნდათ მინიმალური დაზიენება რომლის აღმოფხვრის შემდგომ მათაც გააგზავნიან მარსზე.

2023 წლის 2 ოქტომბერი. დედამიწა. პირველი ინტერვიუ GaLiaQ - თან. (ასე შეარქვეს ხელოვნური ინტელექტის იმ მოდელს რომელიც ბუნებრივ ადამიანებთან საურთიერთოდ შეიქმნა )მონაცემები: 

1. შეუძლია ნებისმიერი სახის მიღება და მიმსგავსება ნებისმიერი ადამიანის, ტანის, სახის, მოძრაობის თუ ხმის.

2. შეუძლია ნებისმიერი ადამიანის ფსიქოტიპის შესწავლა წამის მეასედებში.

3. უწყვეტ რეჟიმში მუშაობის გარანტია 1500 წელი.

4. ფიზიკური შესაძლებლობები = მიზიდულობის ძალა მინუს 3.33%

2023 წლის20 აპრილი. დედამიწა. GaLiaQ - ის პოპულარობამ და შესაძლებლობებმა ისეთ პიკს მიაღწია რომ ევროპარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის პარლამენტის წევრად არჩევისა. ამავე წლის 7 ივნისის ევროკავშირის დადგენილებით სავალდებულო ხდება ყველა სამთავრობო სტრუქტურაში თითო ხელოვნური ინტელექტის ვაკანტურ ადგილზე დანიშვნა რათა მათი არაჩვეულებრივი ანალიზის უნარი გამოყენებულ იქნას კაცობრიობის სასიკეთოდ.ამ წლის 6 დეკემბერს აშშ-ს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას იწყებს ხელოვნური ადამიანი რომლის ლოზუნგიც შემდეგია "ქვეყანას მილიარდერი კი არა, ინტელექტი უნდა მართავდეს "მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას სასაცილოს უწოდებს თუმცა მიუხედავად მისი ცინიზმისა დიდი პროცენტით მარცხდება.

2024 წლის 21 მარტი. დედამიწა. Paramount Pictures - მა შეიძინა 10 ხელოვნური ადამიანი რის შემდეგაც უსამსახუროდ დარჩა 3500 მდე თანამშრომელი და აქედან 2000 მსახიობი.

2024 წლის 9 ივლისი. მარსი. დასრულდა სამუშაოები და პლანეტა მზადაა კაცობრიობის მისაღებად და სიცოცხლის იქ გასაგრძელებლად.

2024 წლის 4 ოქტომბერი. დედამიწა. მოიძებნა 2 500 000 მოხალისე რომლებიც მზად არიან თავიანთ ოჯახებთან ერთად გადავიდნენ მარსზე იმ გარანტიით და ვალდებულებით რასაც აშშ-ის სახელმწიფო სთავაზობს.გარანტია:

1 სიცოცხლის ხელშეუხებლობა

2. საკვებით და სასმელით უზრუნველყოფა

3. საცხოვრებელი და ტრასპორტით უზრუნველყოფა

4. ყოველი თვის 100 000 $-ით ანაზღაურება ოჯახის ყოველ წევრზე იმ შემთხვევაში თუ დაბრუნებას გადაწყვეტენ

ვალდებულება:

1. ყოველდღიური ვარჯიში

2. ყოველდღიური კონტაქტი და შეგრძნებების გაზიარება..........

.............

................

2050 წელი. მთვარე. კაცობრიობაში უდიდესი ქარხნების მშენებლობა დასრულებულია რომლებმაც ერთად აღებული თვეში 12 000 000 ხელოვნური ადამიანი უნდა აწარმოოს და 6 ხომალდი. პროექტი " Our Galaxy "- ს მიზანია ყველა სასიცოცხლოდ ვარგისი პლანეტის კოლონიზაცია და ბუნებრივი ადამიანური სიცოცხლის გავრცელება.

სცენარის გაგრძელების ვარიანტები ასეთია:

1. დედა უტირეს კაცობრიობას ხელოვნურად შექმნილმა ადამიანებმა მას შემდეგ რაც იმ დონემდე განვითარდნენ რომ გამრავლება შეძლეს

2. უცხოპლანეტიდან ჩამოვიდნენ თქვენ ბიძია ხომ კარგად ხართ აქ ვიღაც სირიკოებს რომ გვიგზავნითო და ომი დაგვიწყეს რის შედაგადაც 

ა. ხელოვნური ადამიანები დავიხმარეთ და მოვუგეთ.

ბ. გაცილებით მეტნი აღმოჩდნენ და დედა მოგვ.....

3. გადავაწყდით სხა გალაქტიკების ცივილიზაციებს. ზოგთან მოვახერხეთ საერთო ენის გამონახვა ხოლო ზოგი ხისთავიანი აღმოჩნდა რის საფუძველზეც შევქმენით "გატო " ( როგორც ნატოა ) ხოლო შემდეგ "გალაქტიკების თანამეგობრობა " ( როგორც ევროკავშირი )

4. განვითარების პიკზე შევძელით შავი ხვრელების მართვა და მისი დროში სამოგზაუროდ გამოყენება რის შედეგადაც

ა. გავიგეთ პასუხი კაცობრიობის მთავარ კითხვებზე თუ როგორ შეიქმნა სამყარო და საიდან მოვდივართ ჩვენ.

ბ. ერთ-ერთი თავზეხალაღებულის ხელში აღმოჩნდა დროში გადაადგილების ინსტრუქცია რის შედეგაც პირველყოფილი ადამიანი გაანადგურა ანუ ხაზი გადაუსვა მომავალს.

გ. ( უკანასკნელი და ყველაზე საიტნერესო ) შევქმენით ხელოვნური ინტელექტი რომელიც დავამსგავსეთ პირველ ყოფილ ადამიანს. ტვინის პროცენტულება 2ზე დავუყვანეთ და მივეცით განვითარების და გამრავლების საშუალება და დინოზავრების შემდეგ ეპოქაში გადაგავზავნეთ რამდენიმე ათასი ასეთი "პირველყოფილი ხელოვნური ადამიანი "ანუ... ინტერსტელარი ვისაც გინახავთ მიხვდებით რაზეც მაქვს საუბარი.... ჩვენ ვართ შეექმნილი ჩვენი მომავლის მიერ რომელმაც წარსულში გააგზავნა თავისივე შექმნილი "ხელოვნური ადამიანი "რომელიც განვითარდა , გამრავლდა და დღეს რასაც ვგავართ ეს სახე მიიღო. ..........

2016 წლის მარტი.ყველაფერი დაიწყო ასე...პირველი მცდელობა იხილიეთ ვიდეო

2016 წლის მარტშივე გამოვიდა პირველი საზოგადეობის შესამზადებელი რეკლამა მესის მონაწილეობით იხილეთ ვიდეო

შეგიძლიათ გააგრძელოთ იდეა ... : )

CultureSci-TechLifestyleსცენარიჰოლივუდიტექნოლოგიახელოვნური ინტელექტი

ჯვაროსნული ომები და დღევანდელობა

$
0
0
Georgian

რა კავშირი აქვს ყურანს ექსტრემიზმთან? ჩემი აზრით, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ბიბლიას ჯვაროსნულ ომებთან! თუმცა, ღვთის მადლით, ახლა ქრისტიანული სამყარო განვითარების სხვა ეტაპზეა, მაგრამ, დღევანდელ მსოფლიოში, თითქმის ყველას აწუხებს კითხვა - როდის შეძლებენ ცივილურ კალაპოტში გადანაცვლებას და თავიანთი რელიგიური გრძნობების სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული რწმენის ჩარჩოებში მოქცევას სხვა რელიგიური მიმდინარეობების ექსტრემისტი მიმდევრები?!

ისტორიული რაკურსით, ჯვაროსნული ლაშქრობები, როგორც მოვლენა, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების პერიოდს ემთხვევა, სწორედ ქრისტიანული სამყაროს რელიგიურ ნიადაგზე გაერთიანების მოტივმა გამოიწვია. დ-რ. ჯონათან ფილიპსი, ჯვაროსნების ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტიდან, თვლის, რომ ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჯვაროსნული ლაშქრობები გახდა ერთ-ერთი ყველაზე დინამიური კვლევის სფერო ისტორიის დარგში, რაც მიუთითებს მზარდ დაინტერესებაზე ამ მოვლენების აღქმა-გაგებისა თუ ინტერპრეტირების კუთხით. დ-რი. ფილიპსი აქვეყნებს საკმაოდ ვრცელ და  სრულყოფილ ანგარიშს ამ მარად აქტუალურ და საკამათო თემაზე, რომლის მემკვიდრეობაც ასე შესანიშნავად ეხმიანება ჩვენს დღევანდელობას. (History Today, vol. 65)

და მაინც, რამ დაარწმუნა დღეს ადამიანები, რომ ქრისტიანულ დასავლეთს სურს დაიბრუნოს იერუსალიმი? რა გავლენა იქონია ჯვაროსნების პირველმა წარმატებამ (1099 წ.) მუსულმანური, ქრისტიანული და ებრაული თემების ყოფა-ცხოვრებაზე შუა აღმოსავლეთში? რა იყო ჯვაროსნული ომების შედეგი დასავლეთ ევროპის ხალხებისა და ინსტიტუტებისთვის? როგორ აღიქვამენ ადამიანები ჯვაროსნულ ომებს და, ბოლოს და ბოლოს, რა არის ჯვაროსნების მემკვიდრეობა?

აკადემიურმა დებატებმა მნიშვნელოვნად ააფორიაქა საზოგადოება 1980-იან წლებში. მსჯელობას, ჯვაროსნების რეალური რაობის განსაზღვრის შესახებ, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.  ჯვაროსნების ეპოქა დიდად სცილდება მისი დასაწყისის, მე -11 საუკუნის ფარგლებს და ვრცელდება თითქმის მე -16 საუკუნემდე. რაც შეეხება მათ სამიზნეს, ჯვაროსნები ებრძოდნენ როგორც მუსლიმებს იბერიის ნახევარკუნძულზე, ასევე წარმართებს ბალტიისპირეთში, მონღოლებს, რომის პაპის პოლიტიკურ ოპონენტებს, ერეტიკოსებს, და ა.შ.

ფართო სპექტრის მტკიცებულებების გამოყენების გზით, მკვლევარი მიიჩნევს, რომ დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მახვილდება ყურადღება თანამედროვე რელიგიურ იმპულსებზე, როგორც კონფლიქტის დომინანტურ მაპროვოცირებელ მიზეზებზე. ამ თემასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, სტიმულირებას ახდენს  გახშირებული აკადემიური თუ სასწავლო დებატებიც. ამასთან, 9/11 საშინელებების შემდეგ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ სიტყვა "ჯვაროსნები"-ს გამოყენებამ "ტერორიზმთან ბრძოლის"კონტექსტში დამანგრეველი ეფექტი იქონია სიტუაციის გართულებაზე და ექსტრემისტებს გაუგზავნა სიძულვილის ძალიან პოპულარული მესიჯი, რითაც წაახალისა ფართო კონფლიქტის გაგება ისლამსა და დასავლეთს შორის, რომელიც შუა საუკუნეების პერიოდში იღებს სათავეს და დღეს უკვე აშკარად იკვეთება. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ასე მარტივად საკითხი არ დგას, მაგრამ ეს იქცა ძლიერ ბიძგად ყველა ჯურის და მრწამსის ექსტრემისტისათვის (დაწყებული ოსამა ბინ ლადენიდან, ანდერს ბრეივიკით და  ისლამური სახელმწიფოთი დამთავრებული), რათა დაეწყოთ ჯვაროსნობის მემკვიდრეობის კვლევა თანამედროვე მსოფლიოში, რასაც გამოცემის History Today ფართო ონლაინ არქივიც მოწმობს .

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო 1095 წ. ნოემბერში, როდესაც ურბან II, რომის პაპმა, ქალაქ კლერმონში, ცენტრალურ საფრანგეთში, გაავრცელა მიმართვა: "ვინც მხოლოდ თავდადების გამო, და არა პატივისა და ფულის მოპოვების მიზნით, წავა იერუსალიმში ღვთის ეკლესიის გასათავისუფლებლად, გათავისუფლებულ იქნება ყველა სახის ეპიტემიისგან (ეკლესიური სასჯელისგან). ეს მოწოდება იქცა შთაგონების წყაროდ, რის შემდეგაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქრისტიანები იცავდნენ მუსულმანური შემოტევებისგან და ათავისუფლებდნენ  მიწებს ევროპაში, მაგალითად პირინეების, იგივე იბერიის ნახევარკუნძულზე, ისევე როგორც სიცილიაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკლესია ერთვებოდა ამ მოვლენებში, კერძოდ მონაწილეებისათვის გარკვეული სულიერი ჯილდოების შეთავაზების მეშვეობით წახალისების გზით.

ურბან II პასუხისმგებელი იყო მისი სამწყსოს სულიერ კეთილდღეობაზე და ჯვაროსნული ლაშქრობის წყალობით დასავლეთ ევროპის ცოდვილ რაინდებს წარმოუდგინა შესაძლებლობა, შეეწყვიტათ გაუთავებელი შინაური ბრძოლები და სუსტების ექსპლუატაცია (როგორც მოკვდავთა, ასევე სასულიერო პირთა მიმართ) და მიეღოთ მადლი მათი ძალადობრივი ცხოვრების ნაცვლად. პაპმა დაინახა შესაძლებლობა, რაინდების ენერგია მიემართა ისლამისტების საპირისპიროდ, როგორც სულიერად დამსახურებული აქტი, წმიდა ქალაქ იერუსალიმის აღსდგენად, რომელიც მუსლიმებს ჰქონდათ დაპყრობილი 637 წ-დან. ფაქტობრივად, ამის სანაცვლოდ მათ ეპატიებოდათ ის ცოდვები, რომლებსაც აღიარებდნენ. ეს, თავის მხრივ, მათი გადარჩენის გზა იყო მარადიული ჯოჯოხეთის ხანძრისგან, რაც მათ ელოდათ, როგორც ცოდვილი ცხოვრების ხვედრი.

ამ ეპოქაში, ისეთ მძლავრ რელიგიურ ქალაქს, როგორიც იერუსალიმი იყო, ადგილი, სადაც ქრისტე ცხოვრობდა, დადიოდა და გარდაიცვალა, ცენტრალური როლი ეჭირა ქრისტიანულ სამყაროში.  იერუსალიმის განთავისუფლების მიზანი, გამოწვეული ადგილობრივი ქრისტიანებისა და დასავლეთიდან ჩასულ მომლოცველთა მიმართ უდიერად მოპყრობის სასტიკი (შესაძლოა გაზვიადებული) ისტორიებით, რასაც დაუპირისპირდა  შურისძიების სურვილი, ქმნიდა სულიერი მსახურების შესაძლებლობების კომბინაციას. პაპი ურბანი თვლიდა, რომ შესანიშნავად უვლის თავის სამწყსოს და აუმჯობესებს სულიერ მდგომარეობას დასავლეთ ევროპაში. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ პაპს და გერმანიის იმპერატორ ჰენრი IV შორის ურთიერთობა საკმაოდ დაიძაბა (ბრძოლა ინვესტიტურისთვის, დაპირისპირება ეკლესიასა და საერო ძალაუფლებას შორის შუა საუკუნეების ევროპაში), ხოლო ჯვაროსნული ლაშქრობა გააძლიერებდა პაპის მდგომარეობას, ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო ურბანისთვის, რომელსაც ხელიდან ვერ გაუშვებდა.

ნაპერწკალი ამ მშრალი ფიჩხისთვის კიდევ ერთი ქრისტიანული ძალიდან მოდიოდა: ეს იყო ბიზანტიის იმპერია. იმპერატორ ალექსი I -ს მის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში თურქ-სელჩუკთა შემოსევის ეშინოდა. ბიზანტიელები, საბერძნეთის მართლმადიდებელი ქრისტიანები, 1054 წლის განხეთქილების შემდეგ მწყრალად იყვნენ კათოლიკურ ეკლესიასთან, ურბანის მიერ წარმოდგენილი ჯვაროსნული ლაშქრობის იდეა მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაახლოებას და განხეთქილების დასრულებას შეუწყობდა ხელს.

სწორედ ბიზანტიის კეისრის, ალექსი I კომნენოსის მიმართას ევროპისადმი, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მოსაპოვებლად, მოჰყვა რომის პაპის, ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა. 1096-1270 წლების განმავლობაში მოეწყო 8 ჯვაროსნული ლაშქრობა.  ფეოდალური ჩაგვრისა და სიდუხჭირისაგან თავის დახსნის მიზნით ლაშქრობებში ძირითადად მონაწილეობდა გლეხობა და დაბალი სოციალური ფენა.

სხვათაშორის, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა საქართველოში დავით აღმაშენებლის მეფობის ხანა. ჯვაროსნების მიერ ანტიოქია-იერუსალიმის აღებისთანავე დავითმა ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჩუკებს, რაც დამოუკიდებლობის გამოცხადებას ნიშნავდა. სწორედ დავით IV-მ, ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მონარქმა, მოახერხა დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოეპოვებინა და თურქ-სელჩუკები ქვეყნიდან განედევნდა 1121 წელს. მის მიერ არმიაში და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი მეფე, აქტიურად თანამშრონლობდა იმდროინდელ ქრისტიანულ სამყაროსთან. ქართველები და ჯვაროსნები ერთმანეთის ბუნებრივი მოკავშირეები გახდნენ თურქებთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ცნობილია ისიც, რომ დავითის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იბრძოდა იერუსალიმში. მეფე დავითს პოლიტიკური კონტაქტები ჰქონდა იერუსალიმის მეფე ბოლდვინ I-თან. ასევე ცნობილია, რომ დიდგორის ბრძოლაში ქართული მხედრობის გვერდით ჯვაროსნების რაზმიც იბრძოდა. დავით აღმაშენებელს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ჯვაროსანთა შორის, რომლებიც მას თავის მოკავშირედ აღიარებდნენ. იერუსალიმის ჯვაროსან მეფეებს კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ საქართველოსთან გიორგი III-ის დროსაც.

ჯვაროსნული ომები მსოფლიოს, განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ხალხების მეხსიერებასა და წარმოსახვაში  შემორჩა, როგორც წარსული, რომლის მოგონებაც რომანტიკული ლიტერატურის მწერლების მეშვეობით არის შესაძლებელი, როგორიცაა, მაგალითად, სერ ვალტერ სკოტი. სიტყვა „ჯვაროსნული“ იქცა არაკეთილსაიმედო განწყობის გამომხატველ ცნებად, ალბათ უახლოესი თანამედროვე ეპოქის განმავლობაში ის განასახიერებდა ომის და აგრესიის იდეას და იგი რჩება ასეთად დღესაც.

ერთი რამ ნათელია, ღმერთი არ შეიძლება სისხლისღვრისკენ, განადგურებისკენ  ან თვითგანადგურებისკენ მოუწოდებდეს ადამიანებს, ღმერთი სიკეთე, მიმტევებლობა და სიყვარულია! ჩვენი, ქრისტიანული გაგებით, თუკი ადამიანი ღვთის სახელით ბოროტებას ჩადის, ის ფარისეველი ან შეპყრობილია. სამწუხაროდ, ჩვენი წმინდა მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები დღევანდელი მოვლენები, კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიოს და დიდი ალბათობით მზარდი დაძაბულობის და არეულობის მომასწავებელია. ალბათ ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ მშვიდობისთვის და კაცობრიობის გადარჩენისთვის!

PoliticsReligionLifestyleქრისტიანობაჯვაროსნები და ექსტრემიზმი

ჰომოფობიის აკვანი

$
0
0
Georgian

უკანასკნელ წლებში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის მიმართ სიძულვილი, რასაც ჩვენ ჰომოფობიას ვუწოდებთ. ქართველები ვამაყობთ კიდეც ამ სტერეოტიპული აზროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებით და გვიხარია, რომ ქვების დაშენისა და ბრბოდ ქცევის შესაძლებლობა მოგვცა სახელმწიფომ, რომელიც არც კი ცდილობს ადამიანის უფლებების დაცვას. და ყველაფერი ეს (მიკვირს, მაგრამ ასეა) კულტურისა და მართმადიდებლობის სახელითაა მონათლული. ოჰო, რა დიადი აღტკინებული მიზნებია.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ყოველი მეორე პოსტი ჰომოფობიური მხვდება და გული საკმაოდ დამიმძიმა ასეთმა არაადამიანურმა გამოხტომებმა. დაახლოებით ტექსტები ასე ჟღერს: "ნუ უარყოფ მართმადიდებლობას", "ქართველი არ ხარ, თუ ჰომოსექსუალებს იცავ"და ა.შ. გავოგნდი. ნუთუ ეს ჩვენ ვართ?! ხალხი, რომელმაც ამდენი უბედურება გამოიარა, მაგრამ მაინც ყველას მიმართ შემწყნარებელი იყო, დღეს გადაიქცა "დაკრეჭილი მგლების ხროვად", რომლიც ელოდება საუკეთესო მომენტს, რომ კბილი გაჰკრას მსხვერპლს. 

დღეს ყველა ამაყობს, რომ ქართველებს გვყავდა ისეთი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ილია, ვაჟა, აკაკი, გალაკტიონი ... მაგრამ მგონია, რომ ამაყობენ ბრმად. არ ესმით ქართველებს, თუ რისთვის იბრძოდნენ თერგდალეულები, ცისფერყანწელები ... ვერ ხვდებიან, რომ მათ პირველებმა უთხრეს არა დრომოჭმულ ტრადიციებს, რომლებიც ჰომოფობიასა და ცრუ პატრიოტიზმსს ემყარებოდა. ადამიანნო, ქართველებო, ნუთუ ეს არის თქვენი ნამდვილი სახე?! უფლის სახელის შემარცხვენლები უფრო მგონიხართ, რადგან არავის მოუცია ჯერ თქვენთვის უფლება ვინმე განსაჯოთ მისი ცოდვებისთვის. ამ ჰომოფობურ გამოხტომებს კი ეგრევე მართმადიდებლობას მიაწერთ. რატომღაც მგონია ხოლმე, რომ ჩვენი უნიათობა ყოველთვის მიეწერება ასეთი ადამიანების არსებობას, რომლებსაც ვერ გაუგიათ რა უნდათ და რას აკეთებენ. თუ უფლისთვის თავდადებად ეს მიგაჩნიათ, სკამების დაშენა და სისხლის დაღვრა, ყოჩაღები ვყოფილვართ. მეტი არაფერი მეთქმის ამასთან დაკავშირებით.

ჰომოფობიის წყარო საქართველოში, ალბათ, საბჭოთა კავშირს უკავშირდება. სისტემა, რომელმაც განურჩევლად ყველა დაამონა მათი განათლების დონის მიუხედავად, ანადგურებდა ადამიანებს, რომლებიც განსხვავდებოდნენ მასისგან. სწორედ აქედან იწყება სიძულვილის ხანა ჩვენს ქვეყანაში, 1921 წლის 25 თებერვლიდან. ეს "ფენომენი"არც ქართული კულტურის და, მით უმეტეს, არც მართმადიდებლობის ნაწილი არაა.

ბევრჯერ მიფიქრია, თუ როგორ შეიძლება ყველაფრის გამოსწორება. ჩვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა ან თუნდაც ადამიანის უფლებების ელემენტარულ დონეზე დაცვა. მაგრამ დღეს მე ვხვდები, რომ ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან საზოგადოება ჯერ ბრბოს საფეხურზეა გაჩერებული და სანამ არ გამოფხიზლდებიან და არ ეტყვიან არას ჰომოფობიას, მანამდე არა მგონია გვეწოდოს "ევროპული სახელმწიფო".

უკანასკნელად კი მინდა გავიხსენო არააღიარებული ქართველი გენიოსის, ჯემალ ქარჩხაძის, სიტყვები გავიხსენო: "სტერეოტიპული აზროვნება ბრტყელი ქვის წყალზე ხერხიანად გასროლას ჰგავს, როდესაც ქვა სკუპ-სკუპით მიხტის წყლის ზედაპირზე და ისე მიაღწევს გაღმა ნაპირს, წესიერად არც კი დასველდება".

 

არა ჰომოფობიას!

ReligionSocietyLifestyleჰომოფობიაკულტურაუმცირესობებიმართმადიდებლობა

"ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", ანუ კონფლიქტის პრევენცია

$
0
0
Georgian

დაპირისპირება ჩვენს სინამდვილეში უცხო და იშვიათი მოვლენა აღარ არის, სამწუხაროდ და ამდენად არც გასაკვირია, თუმცა მაინც ვთვლი, რომ ღირს შევჩერდეთ, ღრმად ჩავისუნთქოთ და დავფიქრდეთ ჩვენს ყოფაზე, ზნე-ჩვეულებაზე, ჩვენში დამკვიდრებულ საზოგადოების პოლარიზაციაზე, გაანჩხლებულ-გაკაპასებულ დამოკიდებულებებზე საპირისპირო აზრის მიმართ, რაც შემაშფოთებელია და ამ საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. ჩემი აზრით, მას-მედიაში თუ სოციალურ ქსელებში გამეფებული გაბოროტება და დაუნდობლობა ყოველგვარ გონივრულ ზღვარს აჭარბებს და მუდმივად მომაგონებს რუსთაველის უკვდავ აფორიზმებს: "ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა", "კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების", "ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების", და ა.შ. თუმცა, ჩვენ ხომ ნიჰილისტების საზოგადოება ვართ და აღარც თვით შოთას არაფრად ვაგდებთ! ალბათ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ზოგადად, ჩვენში არ არსებობს არავინ და არაფერი, ვისაც ან რასაც ანგარიშს ვუწევთ ან პატივს ვცემთ, საკუთარი მერკანტიული ინტერესების გარდა.  ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ნიჰილისტური განწყობები არის ძირი და ფუძე იმ დაუნდობლობის და საპირისპირო აზრის მიუღებლობის, რომელიც თვალს გვიბრმავებს და საღ აზრს გვიხშობს.

სხვათაშორის, ინტერნეტ სივრცეში წავაწყდი კონფლიქტის ამსახველ მასალას, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის საკმაოდ ცნობილი დირექტორი ვერბალურად დაუპირისპირდა ახალგაზრდა, ჩემთვის პირადად უცნობ კაცს, რომელიც აკრიტიკებდა მის ტელევიზიას. გამიჩნდა ეჭვი, ხომ არ იყო ეს მეორეს მხრიდან მცდელობა პოპულარობის ეპატაჟური, სკანდალური გზებით მოპოვებისა?! არც ეს არის გამორიცხული, რადგან ჩვენში ხომ ეს მანკიერი პრაქტიკაც საკმაოდ წარმატებულად დამკვიდრდა.  დღეს, რატომღაც, პოპულარობის ციებ-ცხელება ჩვენში უტოლდება „ოქროს ციებ-ცხელებას“ ველურ დასავლეთში XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იმედია ესეც გაივლის. ცნობილი ტელევიზიის დირექტორის ნააზრევმა კი ცოტა არ იყოს გამაოცა, ის უკრძალავდა ამ ახალგაზრდა კაცს მისი ტელევიზიის არა მხოლოდ რომელიმე გადაცემაში მონაწილეობას, არამედ აღნიშნული ტელევიზიის ტერიტორიაზე შესვლასაც კი.

ამ კონკრეტულ შემთხვევას პირადი გამოცდილება დავუპირისპირე და მსურს სხვებსაც გავუზიარო ჩემი მოსაზრება. უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვისაც  არასასურველ ე.წ. "კონტექსტში“ მოვუხსენიებივარ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩემს სახლში მოსვლა და მითუმეტეს ჩემს ტერიტორიაზე გამოჩენა არამცთუ არ ამიკრძალავს, არამედ არც კი მიგრძნობინებია, რომ ვიცი ამის შესახებ. თუმცა, ვერ გეტყვით, რომ არასოდეს ჩამიდენია მსგავსი რამ, მაგრამ, როცა კი ასე მოვქცეულვარ,  საკუთარი თავით უკმაყოფილო დავრჩენილვარ, რადგან სულმოკლედ მიგვრძნია თავი ასეთი საქციელის გამო და  სინდისის ქენჯნისგან დავტანჯულვარ. ეს "სიბრძნე"რასაკვირველია წლებთან და გამოცდილებასთან ერთად მოდის, რასაც აგვირგვინებს მართლმადიდებლური მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც ყველას უნდა მიუტევო და ილოცო შენს  მტრებზე.

ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში არისტოტელე ბრძანებდა: "გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია, მაგრამ გაბრაზება მასზე, ვისზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით, რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია."ის, რომ ადვილად ბრაზდები, ეს შენი სისუსტის უტყუარი ნიშანია. ბრაზი და ემოციები რასაკვირველია ადამიანურია და ყველას ახასიათებს, მაგრამ გააჩნია დოზას და რეაქციას. კარგია, რომ შეგვეძლოს ბრაზის გაკონტროლება და თავად ვმართავდეთ ემოციებს და არა პირიქით, ემოციები - ჩვენ. მარტივი ჭეშმარიტებაა და სათქმელად ადვილია, თუმცა მესმის, რომ ძნელია შესასრულებლად. მიუხედავად ამისა, ალბათ ყველას ესმის, მაგინებელს გინებას რომ შეაგებებ, ეს მხოლოდ დააკნინებს შენს პიროვნებას და მხილველსა თუ მსმენელს დაარწმუნებს შენს სისუსტეში, ისევე, როგორც შენი მაგინებლის გამარჯვებაში.  პლატონი თვლიდა, რომ "ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება". წინაპართა მიერ შემონახული ხალხური ზეპირსიტყვიერებაც ხომ ამასვე გვასწავლის: "ვინც მოითმენს, ის მოიგებს". და ბოლოს, მაცხოვრის სიტყვებია: „მოთმინებითა თქვენითა, მოიპოვნეთ სულნი თქვენნი".

ვფიქრობ, "სულნი ჩვენნი"რომ მოვიპოვოთ, სულიერად უნდა გავძლიერდეთ, რასაც ვერც მატერიალური კეთილდღეობა, ვერც თანამდებობა და ვერც პოპულარობა ვერ უზრუნველყოფს. როგორც სოკრატე ამბობს: „სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს“. დავით გურამიშვილის შეგონებას თუ გავითვალისწინებთ: „ჭკუა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების.“ სულიერების შეძენა ალბათ შესაძლებელია, მაგრამ ამას ცოდნა სჭირდება და სულიერი განათლება, რომელიც ჩვენში ჯერ კიდევ მწირია. ჩვენ ხომ პოსტსაბჭოური საზოგადეოება ვართ, რომლისთვისაც ზნეობრივი კატეგორიები პარტიის და საბჭოების ერთგულებაზე გადიოდა, ხოლო სულიერება იმ ტაძრების გუმბათებთან ერთად ემხობოდა, რომელთაც მიწაზე ანარცხებდნენ.

შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ ხშირად უღმერთობას თავს გახვევენ ადამიანები, ვისაც სახარებაც კი არ წაუკითხავთ, რომ აღარაფერი ვთქვათ თეოლოგიურ და თეოსოფიურ ლიტერატურაზე თუ წმინდა მამების წერილებზე. თუმცა, შესაძლოა წაუკითხავთ კიდეც, მაგრამ ვერ გაუგიათ, რადგან ამისათვის საჭირო საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ. ვგონებ იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, როდესაც „ვეფხისტყაოსანს“ აკრიტიკებს ადამიანი, რომელსაც ან არ წაუკითხავს ან სათანადოდ ვერ გაუგია ნაწარმოების ფილოსოფიური სიღრმეები. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სამეცნიერო ნაშრომის „ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“ წინასიტყვაობაში ავტორი წერს: ლიტერატურულ პროცესს ვერასოდეს შევისწავლით მისი წარმომშობი, ეპოქისათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი ცნობიერებისაგან მოწყვეტით, მისგან იზოლირებულად, ვინაიდან იგი თავად არის ანარეკლი ამ ცნობიერების განვითარებისა, მისი სპეციფიკის განსაზღვრა კი შეუძლებელია ამ შინაგანი ურთიერთკავშირის გაუთვალისწინებლად.“

საზოგადოების ყოფა, მასში დამკვიდრებული ეტიკეტი, ანუ ქცევის ნორმები განუყოფელია მისი აზროვნების, მისი სულიერების ისტორიისაგან. ნიჰილიზმი სიტყვიდან "არაფერი"მომდინარეობს და ყველაფრის ხელაღებით უარყოფას, საყოველთაოდ აღიარებული ნორმების მიუღებლობას ნიშნავს. ჩვენს რეგიონში ნიჰილიზმი მე-19 საუკუნის სამოციან წლებში გაჩნდა რუსეთში, რაზნოჩინული ინტელიგენციის წრეში. ეს ის მიმართულებაა, რომელიც უარყოფითად ეკიდებოდა თავადაზნაურული საზოგადოების ტრადიციებს და გაგრძელებისათვის შეანიშნავი ნიადაგი ჰპოვა საბჭოეთის ეპოქაშიც. ის ჩვენი საზოგადოების ცნობიერების, მისი მსოფლმხედველობის წიაღიდან მოდის და სწორედ ამ შინაგანი ურთიერთკავშირის შედეგია, საბჭოური ეპოქის ანარეკლია და მასთან უშუალოდ არის დაკავშირებული ის გაუცხოება, გაბოროტება და განსხვავებული აზრის მიუღებლობა, რომელიც ჩვენში მკვიდრად სუფევს.

ვფიქრობ, რომ კარგია, როდესაც სნეულების გამომწვევი მიზეზები იცი, მაშინ უფრო ადვილია მასთან გამკლავება. კარგი დასაწყისი ხომ საქმის ნახევარია. იმედია ჩვენ შევძლებთ, გადავლახავთ და გავუმკლავდებით იმ სიძულვილის, რისხვის და გაბოროტების ეპოპეას, რომელიც ჩემის ღრმა რწმენით ნიჰილიზმის ნიადაგიდან იკვებება! არისტოტელე ბრძანებდა: „იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისათვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.“ 

 

CultureSocietyLifestyleკონფლიქტის პრევენცია

გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები

$
0
0
Georgian

ვიცი, რომ ადრე თუ გვიან დადგება საკითხი ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ და მაშინ ბროწეულისფრად შემიფერადდება სახე. თავს ზედმეტი სიზუსტით, ზუსტად ისე ვიგრძნობ,  პირველ კლასში, პირველი ზარის მერე მერხთან რომ გავქვავდი. მაშინ ჩემთვის ყველაფერი წამიერი მხოლოდ და მხოლოდ  გაურკვევლობის მომტანი იყო.

ცხოვრებაში უამრავი ადამიანის წინ ათიათასჯერ და ხშირად უფრო მეტჯერ, გვიწევს საკუთარ ცხოვრებაზე მონოლოგოს წაკითხვა. დგება მომენტები, როცა გარშემომყოფები სვამენ კითხვებს, რომლებსაც პასუხები  სჭირდება.

არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სხვებისაკენ გამუდმებით ტალახის სროლაა და შეხდებით ისეთებსაც, რომელთა მთავარ მიზანს, ნასროლი ტალახისგან თავის დაცვა წარმოადგენს.

ერთელ ვთქვი და ალბათ, კიდევ მილიონჯერ ვიტყვი საჯაროდ, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ან არ ვაკეთებთ, ჩვენი, მხოლოდ ჩვენი არჩევანია.

არსებობენ ადამიანები და ვარსებობ მე. წყენა ადამიანების ბუნებრივი მდგომარეობაა. შესაბამისად, ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაც, მაგრამ არა მათნაირი ემოციით, ზედმეტი დრამატიზმითა და განცდებით. ასეთ დროს შემიძლია დავჯდე სამზარეულოს ცივ იატაკზე, შავი, უშაქრო ყავა დავლიო და კბილს კბილი ისე მივაჭირო, ტკივილი, წყენა და გულში დაგროვილი განცდები ერთ წამიერ ტკივილში მთლიანად ჩავატიო. შემდეგ თვალზე წაშლილი შავი საცხი თავიდან გადავისვა და ამაყი მზერით გავიდე სახლიდან.

მე მიყვარს ადამიანები, მიყვარს ღიმილი მათზე და   ემოციები, რომლებსაც ყოველთვის ეტყობა, როდისაა ნამდვილი. ხშირად სხვების გამოხატულ ემოციებს ყოველთვის აკლია რაღაც, უბრალო მაგრამ ძალიან მდიდრული. ყველაფრის მიუხედავად, სულ მინდა ჩემს გარშემო ემოციები გავაცოცხლო, ისეთი ემოცია შემომრჩეს, რომელიც არ გაუფერულდება, ძალას არ დაკარგავს და არ მომბეზრდება. ყველაფერი გარემოებების ბრალია და ყველაფერს, მათ შორის ჩვენს ემოციებსაც აქვს თავისი წილი სიმართლე. ამიტომ, ამ დრომდე ვერ გამიგია, რა  უნდა გავუშვა ჩემგან და რა უნდა დავიტოვო.

მეც მინდა ნამდვილი ემოციები, ტატუს ნახევარი, ნაცრისფერი თმები და ბიჭი, რომელიც ყველასგან განსხვავებული იქნება. მაშინ პასუხი მექნება ყველა კითხვაზე და აღარც გარშემომყოფები დასვამენ უამრავ გაურკვეველ შეკითხვას.

მე "მაგარი"გოგო ვარ:  რაღაცის შეცვლის სურვილით, უთვალავი ამბიციით და მყარი ემოციებით. ერთ ღიმილს ჩემი "შებმა"არ შეუძლია და არც მაინცდამაინც წითელი ვარდები მიმაჩნია რომანტიკის უმაღლეს მწვერვალად. 

ერთი ჩვეულებრივი  ვარ,  რომელიც სხვების სიყვარულზე გიჟდება,  რომელსაც უნდა, რაც შეიძლება მეტი ბედნიერი წყვილი ნახოს და რომელსაც სხვების სიყვარულის სანახავად, გუდიაშვილის ბაღში დაუსრულებლად შეუძლია ბოდიალი.

 

 

 

SocietyLifestyle

მუხლმოდრეკილი მთავრობის მეთაური და განმკითხველთა დიდი არმია!

$
0
0
Georgian

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია და ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე, რადგანაც კვირა უკვე აღდგომაა) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ეს განსაკუთრებული კვირაა და ყოველმა ჭეშმარიტმა, ეკლესიურმა მართლმადიდებელმა იცის, რომ ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო...“ და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება კვირაცხოვლობის, ანუ თომას კვირის მწუხრიდან, აღდგომის ერთი კვირის თავზე.

როგორც ჩანს, პრემიერმა არ იცოდა, რომ დაჩოქება, ანუ მუხლთმოყრა აღარ არის მიზანშეწონილი და არ ტარდება ამ დროს ტაძრებში. არცოდნა არცოდვააო, წინაპარს უთქვამს და ჩვენც, თუკი კარგი ქრისტიანები ვართ, მივუტევოთ მას ეს შეცდომა და ამის გამო განკითხვის ცოდაში ნუ ჩავიგდებთ თავს. ეკლესიაში არც მას და არც სხვას, ამის გამო შენიშვნას არავინ მისცემს, თუ იქაც შემთხვევით არ აღმოჩნდა ერთი-ორი "არამკითხე მოამბე"ანუ ყოვლისმცოდნე მრჩეველი. მოძღვრები უკრძალავენ მრევლს სხვა წევრებისთვის ან სტუმრებისთვის შენიშვნების მიცემას და ეს სწორიც არის, ამისთვის არსებობს მოძღვარი, რომელმაც თავად უნდა დაგმოძღვროს, ამიტომაც ჰქვია მას მოძღვარი. ეკლესიის გარეთ, ერში ურწმუნოდ მცხოვრები მოქალაქისთვის კი უკვე არა ქრისტიანული, არამედ წმინდა ეთიკური საკითხია, რამდენად ღირს თავდასხმა ამგვარი შეცდომის გამო თანამოქალაქეზე, თუნდაც ის პრემიერ მინისტრი იყოს. ან კი, რის საფუძველზე შეგიძლია დაასკვნა, რომ ის არ იყო გულსწრფელი და საარჩევნო სამზადისად უთვლი მას ჟესტს, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული მისი ემოციური რეაქცია ყოფილიყო, თუნდაც გარდამოხსნის და დატირების საგალობელზე, რომელიც საკმაოდ ამაღელვებელი და შთამბეჭდავია.

საქართველო მართლაც სეკულარული სახელმწიფოა და მისი კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო და მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთისგან დამოუკიდებელია. სახელმწიფოს ნამდვილად არ აქვს უფლება რომელიმე რელიგია მოახვიოს თავს საკუთარ მოსახლეობას, თუმცა თითოეულ ინდივიდს, მათ შორის პოლიტიკოსს და სახელმწიფო ჩინოვნიკსაც, აქვს სრული უფლება ირწმუნოს ის რელიგია, რომელიც მას სურს და გამოხატოს მისი ეს რწმენა ისე, როგორც მას სურს, საკულტო ადგილებში, განცალკევებით თუ ხალხის ჯგუფთან ერთად. ეს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრული მისი უფლებაა და არავის აქვს მისი ხელყოფის ან შეზღუდვის ლეგიტიმური უფლება. რაც შეეხება მთავრობის მეთაურის მხრიდან, ვინმეს ამ თვალსაზრისით შეზღუდვას ან რელიგიური შეხედულებების თავს მოხვევას, ჩვენს სინამდვილეში ეს სრული აბსურდია. ჩვენ, ქართველები, თავს არასოდეს არავის ვახვევდით და არც ახლა ვახვევთ, არამცთუ ჩვენს რელიგიას, არამედ სახელმწიფო ენის ცოდნის ვალდებულებასაც კი! ქართველები ზომაზე მეტად ლოიალურები ვართ ამ კუთხით და ნურავინ დაგვწამებს ცილს იმაში, რაც ჩვენთვის უცხოა, ჩვენი ცოდვებიც გვყოფნის, რომლებიც მრავლად მოგვეპოვება. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს მიერ გამოთქმული მოსაზრების სიზუსტეში, შეუძლიათ ჩაბრძანდნენ თუნდაც აქვე, დედაქალაქიდან სულ ახლოს მდებარე რაიონებში, გარდაბანში, ან მარნეულში და თუნდაც საქართველოს მთელ რიგ სხვა რაიონებში, სადაც საკუთარი თვალით იხილავენ და დარწმუნდებიან ზემოთთქმულის სისწორეში. რომელ შეზღუდვებზეა საუბარი, არამცთუ რელიგიას და ან რელიგიურ შეხედულებებს არ ახვევს ვინმე თავს, არამედ, ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა, საქართველოში, კომპაქტურად დასახლებულ თემებად ცხოვრობენ ისე, რომ სახელმწიფო ენის შესწავლითაც კი არ იწუხებენ თავს. ჩვენი ესოდენ ტოლერანტული ხასიათი უკვე ისტორიული რელობაა, ფაქტებით გამყარებული და ჩვენ ამით ვამაყობთ, ახლა ველოსიპედის გამოგონება ამ კუთხით, სულ მცირე - სასაცილოა და არავის ვურჩევდი! ამ არასასურველ პოზიციაში ერთხელ უკვე ჩაიყენა თავი ჩრდილოელმა მეზობელმა, რომელმაც შოვინიზმი და ეთნიკური უმცირესობების შევიწროვება ბრალად დაგვდო. საბედნიეროდ, მსოფლიო არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, ასე რომ აღარავის სჯერა დღეს ამ უსაფუძვლო ბრალდების. საკუთარ ერს და მის ხელისუფლებას ვიდრე ბრალს წაუყენებთ, დაფიქრდით, იქნებ ქვეყნისთვის უფრო სასარგებლო და საჭირბოროტო თემები წამოგეწიათ წინ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ ვურჩიო ახალგაზრდა ბლოგერებს, თუკი თავის გამოჩენის სურვილი ასე მძაფრად შემოუტევთ ხოლმე, იქნებ სხვა საკითხებით დაინტერესებულიყვნენ და მათი შესწავლით დაკავებულიყვნენ, სასურველია ისეთებით, რომლებიც ერის წინაშე მოღალატეობრივ ელფერს არ შესძენდა მათ ამგვარ აღტყინებას. მაგალითად, ასეთი საკითხებია, რამდენად უზრუნველყოფს სახელმწიფო, მისი სახელმწიფო ენის სწალებას და რამდენად ხელმისაწვდომია ის საქართველოში მცხოვრები, კომპაქტურად დასახლებული, ეთნიკური უმცირესობებისთვის; რამდენად არის დაცული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ისტორიულად ქართულ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს ჩვენი იურისდიქციის ფარგლებს მიღმა რჩება; რამდენად არის დაცული ჩვენი, ეთნიკური ქართველების უფლებები ამ ტრიტორიებზე, მ.შ. საინგილოში და სხვა, უამრავი პრობლემატური და მტკივნეული საკითხი არსებობს, რომელიც საჭიროებს სათანადო ყურადღებას საზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან.  იმ ქვეყნის პირობებში, რომლის 20% ოკუპირებულია, ვგონებ ეს უფრო ლოგიკური და ადეკვატური რეაქცია იქნებოდა. თავის მხრივ, მოსახლეობაც უფრო სწორად გაიგებდა ამგვარ აქტიურ სოციალურ თუ საზოგადოებრივ პოზიციას.

საერთოდ, ის, რომ ადამიანი არ მოგწონს, ან მის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებ, არ გაძლევს მორალურ უფლებას ცილი დასწამო ან აკრიტიკო იმაში, რაშიც უდანაშაულოა. ყოველ შემთხვევაში, ცივილურ საზოგადოებებში ასე ხდება. სწორედ ამიტომ, ასევე მიუღებელია ნაციონალების მიერ აშენებულის და შექმნილის კრიტიკა ოცნების მხარდამჭერების მხრიდან. ის, რომ ყოფილი მმართველი ძალა არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ ლაზიკა აღარ უნდა ააშენო, გმირთა მოედანზე აშენებული ესტაკადის კეთილგონიერება ეჭვქვეშ დააყენო, ან მშვიდობის ხიდის დანგრევა განიზრახო.  მითუმეტეს მიუღებელია ამ ქმედებებში ფარად რელიგიური თემების მოშველიება! სხვათაშორის, არა ცილსწამო, არ განიკითხო, გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი, ქრისტიანული მცნებებია და მათი დაცვა, უპირველესი მოვალეობაა ყოველი ქრისტიანისათვის, აღარაფერს ვამბობ მტრის სიყვარულზე, რომელიც ასეე მოეთხოვება ქრისტიანს.

მოგვიტევოს უფალმა და სწორი გზით გვატაროს საქართველოს გადასარჩენად და საკეთილდღეოდ! ქრისტე აღსდგა!

http://liberali.ge/blogs/view/22347/premieris-dachoqebis-politikuri-fasi 

PoliticsSocietyLifestyleპრემიერის მუხლთმოყრა ტაძარში

სათქმელი ყოველთვის რჩება....

$
0
0

არსებობს ადამიანების უამრავი კატეგორია. ადამიანები, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ, ადამიანები, რომლებიც ცოტას ლაპარაკობენ, ადამიანები რომლებიც იმას არ ლაპარაკობენ რასაც ფიქრობენ, ადამიანები რომლებიც ლაპარაკობენ და მერე ფიქრობენ რა უნდა ეთქვათ, ადამიანები რომლებიც ამბობენ ბევრ უაზრო სიტყვას ისვრიან და ამ უაზრობებს იმეორებენ გამუდმებით, მეტს მათი ფანტაზია არ ცდება.

ძალიან ხშირად შევხვდებით ასეთი ტიპის ადამიანებს, ისინი ჩვენს გარემოცვაში ცხოვრობენ, ეს ჩვენი საზოგადოებაა, საზოგადოება, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. თუმცა, ამ პოსტში არ დავიწყებ ამ ტიპების განხილვას ანდა განსჯას, აქ მინდა შევეხო სიტუაციას, როდესაც ჩვენ ყველას, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ტიპებს, ყოველთვის გვრჩება სათქმელი.

 

Georgian
SocietyLifestyle
Viewing all 128 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>